"ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“, რომლის ფარგლებშიც 14 იანვარს საფესტივალო დღე დაეთმო აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას, კონცერტს. ნარგილე მეჰთიევა ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში," - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ბრიუსელის ყველაზე პოპულარულმა საკონცერტო დარბაზმა „ფლაჟემ" უმასპინძლა და მას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.
„ნარგილე მეჰთიევამ აშუღური სიმღერები შეასრულა ტრადიციული ინსტრუმენტის - საზის თანხლებით. აღსანიშნავია, რომ 10 ნოემბერს ნარგილე მეჰთიევას კონცერტი გაიმართა ბრიუგეს საკონცერტო დარბაზში, რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. კონცერტში უცხოელი ფოლკლორისტებიც (Adilia Yip, Youssouf Keita) მონაწილეობდნენ. საღამოს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს. ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას. საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.