"ევროპაში აპრობირებული სისტემები საქართველოს სინამდვილეში, ნელ-ნელა და თანდათანობით, ფეხს იკიდებს," - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
ეკა სეფაშვილის თქმით, ევროკავშირთან რეალური ინტეგრაცია სწორედ საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური სივრცეების დაკავშირებაა.
„ეს არის სწორედ რეალური ინტეგრაცია, რაც ეკონომიკურად ჩვენი სივრცეების დაკავშირებას გულისხმობს, რადგან ევროპაში ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკურს არ ნიშნავს. ეს, ასევე, ეკონომიკურ სრულფასოვან თანამშრომლობას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი, თავდაპირველად, სწორედაც, რომ როგორც ეკონომიკური ორგანიზაცია, ისე შეიქმნა და პოლიტიკურ ორგანიზაციად შემდეგ ტრანსფორმირდა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება 15 იანვრიდან ძალაში შევიდა. შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება ევროპული საპატენტო განაცხადებისა და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.