უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული რაკეტებისა და სხვა იარაღის წარმოება და რუსული თავდაცვის მრეწველობის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ჩრდილოვან კავშირებს.
"უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ რუსულ რაკეტებს, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღს, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო მრეწველობის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ჩრდილოვან კავშირებს. თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე რუსული ტერორი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რადგან რუსეთისთვის რაკეტების წარმოება ბევრად გართულდებოდა.