„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.
დელეგაციის წევრები დღეს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდნენ.
„გრძელდება ჩვენი ვიზიტი ჩინეთში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამისთვისაც რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები პეკინსა და შანხაიში გაიმართება. დელეგაცია უკვე შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს.