logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინურმა მხარემ არაერთ შეხვედრაზე ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი
- +

16 იანვარი. 2024. 18:32

 

 

“ჩინურმა მხარემ არაერთ შეხვედრაზე ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ პეკინში ვიმყოფებით ჩინური მხარის მოწვევით და გვაქვს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები როგორც საგარეო მიმართულების ხელმძღვანელებთან, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელებთან. რა თქმა უნდა, ძირითადი თემა ჩვენი ურთიერთობებისა ჩინეთთან არის, ერთის მხრივ, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება იმ კუთხით, რომ ჩინეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი ქვეყანა. ჩინეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში და მეორე მხრივ, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების მიმართულებით. ჩვენ გვქონდა საუბარი გუშინ და დღეს და ჩინურმა მხარემ არაერთ შეხვედრაზე, ძალიან მტკიცე და ურყევი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მათ გვითხრეს, რომ ეს პოზიცია იქნება განგრძობადი“,- აღნიშნა სამხარაძემ.

 

მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც.

 

„მეორე საკითხი არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თუმცა, ამის მხოლოდ და მხოლოდ არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება ბოლომდე იმუშავებს, თუ ძალისხმევა არ იქნება გაწეული ორივე მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციისთვის ჩინური ბაზრის პოტენციალი იყოს მაქსიმალურად ათვისებული, იმიტომ, რომ ჩინეთი მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, შესაბამისად, აქ არის უდიდესი პოტენციალი. ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო მარშრუტების განვითარება, ამ შემთხვევაში საუბარია შუა დერეფანზე, რომელიც არის ყველაზე მოკლე გზა, რომლითაც ჩინეთი უკავშირდება ევროპას და პირიქით. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო და ჩვენთვის, ჩვენი ტრანზიტული პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთთან საკმაოდ აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა“,- აღნიშნა სამხარაძემ.

 

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner