“ჩინეთში ჩვენი ვიზიტის დროს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და ჩინური მხარე ყველა შეხვედრას იმით იწყებოდა, რომ ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების საფუძველზე”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“, ჩინეთიდან ჩართვის დროს განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ჩინეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გაეროს ერთ-ერთი მუდმივმოქმედი ქვეყანა რუსეთი, პირდაპირ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გლობალური მოთამაშის მხრიდან, როგორც არის ჩინეთი, ამ მხრივ საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა.
როდესაც ჩვენ საკითხის მოგვარებასა დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ამის შანსები მცირეა, თუმცა სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას დეოკუპაციის პროცესში ჰქონდეს ასევე ჩინეთის მხარდაჭერა. სწორედ აქედან გამომდინარეა მნიშვნელოვანი, რომ ეს პოლიტიკური ურთიერთობები სწორედ ამ საფუძველზე აიგოს ორივე მხარის მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.