logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 1934 წლის 17 იანვარს ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების სულის ჩამდგმელი, საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა
- +

17 იანვარი. 2024. 10:33

 

 

ვინც რობერტს კარგად იცნობდა, იცის, რომ იგი მიღწეულს არასოდეს სჯერდებოდა,  გამუდმებით რაღაც ახლის შექმნაზე ფიქრობდა, თავდაუზოგავად შრომობდა და   ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე იხარჯებოდა. ასე შეიქმნა ჯერ „ორერა“, შემდეგ „ვია-75“, შემდეგ ანსამბლი „ჯორჯია“ და საბავშვო სტუდია „ლახტი“. ცნობილია, რომ იგი საოცარი სიყვარულით ზრუნავდა ბავშვების მუსიკალურ აღზრდაზე და მათ, ვოკალთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური საკრავის დაუფლებაშიც ეხმარებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არაფერი არ მებადა,

 

სიმღერის და ლექსის გარდა...“  ანუ...  რობერტი სრული სვლით!!!

 

დღეს გამორჩეულ ქართველ მუსიკოსს,  დაუცხრომელი ენერგიისა და უსაზღვრო ნიჭის მატარებელ რობერტ ბარძიმაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. მოგონებების თანახმად,  იგი, თურმე, უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლისას თვით ინოლა გურგულიამ „აღმოაჩინა“ და ტრიოში მიიწვია, რომელშიც გიული დარახველიძეც მღეროდა. ინოლას, როგორც დიდი მუსიკალობისა და ქართული ნიჭის საუკეთესო მაგალითს, გუმანი და გემოვნება არასოდეს ღალატობდა.  მან უმალ შეიგრძნო, რომ საოცარი ნიჭის მფრქვეველი ეს კაცი სიმღერისთვის და სცენისთვის იყო დაბადებული და... რობერტიც მუსიკით „დაავადდა“... აკი მღეროდა:

 

„მე სიცოცხლე, დამიჯერეთ, მისთვის მინდა,

 

ვიმღერო და სიყვარულში

 

სიყვარულით გავიხარჯო...“

 

სწორედ თბილისის უცხო ენების ინსტიტუტიდან დაიწყო რობერტ ბარძიმაშვილის სრული სვლა საქართველოსა და სრულიად მსოფლიოს გარშემო. რობერტმა ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ვია „ორერა“ ჯერ კიდევ ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა, საყოველთაო პოპულარობის შემდეგ კი „ორერა“ გაფართოვდა და მსოფლიოში სახელგანთქმულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლად ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაში  რობერტის მიერ შერჩეული  და მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის სასურველი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ: ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, თემურ დავითაია, გენო ნადირაშვილი, ზურაბ იაშვილი, თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი, ვაგიფ მუსტაფა-ზადე... ჩემი თაობის ახალგაზრდობა მათ მუსიკაზე და სიმღერებზე იზრდებოდა, ერთობოდა, ხარობდა, უყვარდებოდა და... რომ არა რობერტის დიდი ტალანტი, არა მგონია, ისეთი ანსამბლი შეკრებილიყო. აქვე გავიხსენებდი ზაალ კაკაბაძის ფილმს „ორერა სრული სვლით“, რომელმაც უზომო სიამოვნება მიანიჭა არა მხოლოდ ქართველ მნახველსა და მსმენელს, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ  მელომანებს. ჰოდა, „ორერასთან“ ერთად მისი შემქმნელის სრული სვლაც გაგრძელდა და...

 

1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია-75“ შექმნა და მის ძირითად შემადგენლობაში მუსიკალური სასწავლებლებისა და კონსერვატორიის სტუდენტები მიიწვია. ახალი ანსამბლის წევრები იყვნენ დღეს უკვე სახელგანთქმული მუსიკოსები: რომა რცხილაძე, გოჩა ლორია, უჩა კორძაია... ანსამბლისთვის სიმღერებს ქმნიდნენ იმჯერად ახალგაზრდა კომპოზიტორები: ავთო შარვაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე და ვაჟა დურგლიშვილი. მალე ვია-ს ბესო კალანდაძეც შეუერთდა,  რომელმაც თავისი ლეგენდარული სიმღერები, მათ შორის „ტირიფები“ სწორედ მაშინ შეასრულა. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ 1976 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა პირველი როკ-ოპერა „ალტერნატივა“ დადგა, სოსო ბარდანაშვილის მუსიკასა და ნუგზარ ერგემლიძის ტექსტზე, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუა, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი იური ზარეცკი იყო.

 

მანამდე ყველაფერი თბილისიდან დაიწყო:

 

1934 წლის 17 იანვარს გამორჩეული ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, პედაგოგი და ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების სულის ჩამდგმელი, საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა.

 

ვინც რობერტს კარგად იცნობდა, იცის, რომ იგი მიღწეულს არასოდეს სჯერდებოდა,  გამუდმებით რაღაც ახლის შექმნაზე ფიქრობდა, თავდაუზოგავად შრომობდა და   ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე იხარჯებოდა. ასე შეიქმნა ჯერ „ორერა“, შემდეგ „ვია-75“, შემდეგ ანსამბლი „ჯორჯია“ და საბავშვო სტუდია „ლახტი“. ცნობილია, რომ იგი საოცარი სიყვარულით ზრუნავდა ბავშვების მუსიკალურ აღზრდაზე და მათ, ვოკალთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური საკრავის დაუფლებაშიც ეხმარებოდა.

 

რობერტ ბარძიმაშვილის უკანასკნელი  სურვილი აღმოჩნდა ახალი ბენდის შექმნა, რომელსაც, საკუთარი გვარიდან გამომდინარე, „ბარძიმი“ უნდა რქმეოდა. რაკი  ბარძიმი, როგორც ასეთი, ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული სიწმინდის მატარებელია, რობერტმა, რომელიც მანამდე (ბევრი ჩვენგანის მსგავსად) „არაეკლესიური“ ცხოვრებით ცხოვრობდა, სახელის გამოყენების უფლებისთვის საქართველოს პატრიარქს მიმართა, რომელმაც რობერტს, თურმე, ყურადღებით მოუსმინა, ლოცვა-კურთხევა მისცა და საჩუქრად პატარა ბარძიმი უსახსოვრა.

 

ვერ გეტყვით, სახლში ამ ბარძიმიდან დალეულმა წყალმა იმოქმედა, თუ პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული რობერტი, თურმე, საოცრად ეკლესიური გახდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლესთან ჯვრისწერაზეც ფიქრობდა. რობერტის მეუღლე, ვანდა ანთიძე, ინგლისური ენის საუკეთესო სპეციალისტია, ამიტომ მსოფლიოს გარშემო გასტროლებისას რობერტს ხშირად თან ახლდა.  რაკი ვანდას ჯერ კიდევ უცხო ენების ინსტიტუტიდან ვიცნობ, ერთ ფაქტს გავიხსენებ:

 

ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ლოს-ანჯელესში მივემგზავრებოდით, ნიუ-იორკის გავლით.  ვინაიდან რობერტის და ვანდას ერთადერთი ვაჟი - ზურაბ ბარძიმაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ვანდამ საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვარი გაგვატანა, ესაოდა, ჩემი ზურიკო გიჟდება, ისე უყვარს და გაუხარდებაო. ერთი კვირა ზურაბის ოჯახში დავრჩით, სადაც მან და მისმა მეუღლემ, ულამაზესმა ელენე აბულაძემ, საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც დღემდე ვემადლიერებით. სხვათა შორის, რობერტის სამი შვილიშვილიდან უფროსი ბაბუის სახელს ატარებს.

 

69 წლის რობერტ ბარძიმაშვილი 2003 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა და იგი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.

 

მე კი ამ წერილს მისი საყვარელი სიმღერით დავასრულებ, რომელიც მურმან ლებანიძის ლექსზე და ავთო შარ¬ვა¬ძის მუხიკაზე შეიქმნა:

 

„მე რომ სიკვდილი მჭირს,

 

ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!

 

ამბავს წაუღებთ ვის,

 

თქვენ, ფრინველებო ღვთის -

 

წითელ-ფეხება მტრედებო?!

 

ლხინში ავხირდები,

 

ჩრდილში დაგიდგები

 

ჩემთვის ვაჩხაკუნებ

 

ფანდურს, სანატრელო;

 

ჭირში - დაგიტკბები,

 

ბევრს არ დაგპირდები:

 

ფეხზე დაგიდგები

 

ჩემო საქართველო!“ - წერს თეა ფირცხალავა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner