„წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, მოხდება ქსელზე მოსახლეობის, სულ 270 ოჯახის დაერთებ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„წელსაც ვაგრძელებთ ჩვენი საარჩევნო დაპირების შესრულებას და წყალარინების ქსელების მოწყობას იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დღემდე არსებობს.
ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მუხიანის აგარაკებზე, ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მოეწყობა, სადაც, პარალელურად, მოხდება ქსელზე მოსახლეობის, სულ 270 ოჯახის დაერთება.
დაგეგმილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარია.
ასევე, ვიწყებთ წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ფონიჭალის დასახლებაში - ერეკლეს ქუჩაზე, ერეკლეს პირველ შესახვევში, გულბანის ქუჩის დარჩენილ ნაწილში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევსა და აფხაზეთის ქუჩის დანარჩენ ნაწილში. ამ შემთხვევაში, ცენტრალურ ქსელზე 130-მდე ოჯახი დაერთდება.
პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
აღნიშნულ პროექტებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.