logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროგრესზე, ეს საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის
- +

17 იანვარი. 2024. 19:59

"ჩვენთვის შუა დერეფნის განვითარება და პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი - ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ზოგი მათგანი შუა დერეფანში იქნება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების კუთხით და ზოგადად ამ სფეროს უკეთესად გამოსაყენებლად, "- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილი დავოსის 54-ე ფორუმში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც გასულ წელს, ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა ამჯერადაც შუა დერეფანია. როგორც ის აღნიშნავს, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის - მათ შორის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს.

 

 

„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და წლის განმავლობაში, არამხოლოდ დავოსში, გვაქვს სხვა არაერთი შეხვედრა და ფორმატი, სადაც მისი განვითარების შესახებ იქნება საუბარი. ეს გახდა აქტუალური არამხოლოდ შუა დერეფნის წამყვანი ქვეყნებისთვის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის, ამ დერეფნით და მისი საიმედოობით დაინტერესებულია როგორც მიმღები ქვეყნები - ევროკავშირი, ასევე ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, შუა დერეფნის აქტუალობა დავოსში არ განელებულა და პირიქით, ის გადავიდა უფრო კონკრეტული განხილვის ფორმატში - ამ შემთხვევაში საუბრებია კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მათ შორის არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია TAQA. მინისტრის ინფორმაციით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა და კონკრეტული ინტერესები საქართველოშიც გააჩნია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი ასევე წარიმართა სავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ.

 

 

„TAQA-ს შვილობილი კომპანია „მასდარის“ მეშვეობით ჩვენ უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტის განხორციელება განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ მათი ინტერესი ცდება კონკრეტულად გენერაციის ერთ ობიექტს და უფრო ფართოა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ენერგეტიკის სფეროში, ზოგადად განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით და შეიძლება, ბევრი მიმართულება გამოიკვეთოს, რომელიც საინტერესო იქნება კომპანიისთვის საინვესტიციო კუთხით, ისე საქართველოსთვის პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე შევეხეთ არამხოლოდ გენერაციის ობიექტებს და ამ სფეროში ინვესტიციებს, არამედ გადამცემ ინფრასტრუქტურას და კონკრეტულად საუბარი შეეხებოდა მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს, რომელიც სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის. პროექტი ჯერჯერობით, როგორც იცით, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან დაინტერესება კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც საკმაოდ დიდია. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება უფრო მჭიდრო კავშირი. საუბრისას ჩვენ მოვახდინეთ თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებების იდენტიფიცირება. პროექტი ძალიან კომპლექსურია და ბევრი მხარის მონაწილეობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ პროგრესზე. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მომავალი ინვესტიციების კუთხით ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი უნდა იყოს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner