საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 13 ავტომანქანა, 5 კვადროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.
„დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი.
გამოძიების მსვლელობისას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ვაჟა ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვადროციკლები, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების „ჩრდილოვან მხარედ", წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ციხეში ყოფნა.
აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ვაჟა ციგროშვილი იძულებული გახდა, დათანხმებოდა კუდ-ის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მას N8 საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში კონსპირაციულად შეახვედრეს მისი ცოლისძმა ნოშრევან ნეკრესელაშვილი, რომელსაც ავტომანქანების შესაძენად თანხის მოძიება დაევალა. კუდ-ის მაღალჩინოსნის მოთხოვნით, ვაჟა ციგროშვილი მანამ დარჩებოდა საპატიმროში, სანამ მისი ოჯახი ავტომანქანების შესაძენად თანხას არ შეაგროვებდა. 2008 წლის აგვისტოში, ბრალდებულის ცოლისძმამ ნოშრევან ნეკრესელაშვილმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარად სახელმწიფოს სასარგებლოდ, კუდ-ის მოთხოვნით იძულებით შეიძინა ,,ტოიოტა პრადოს", „ტოიოტა ჰაილუქსის"; „ტოიოტა კამრის" და „ჰიუნდაი ტუქსონის" მარკის ავტომანქანები, 5 კვადროციკლი, რომლებიც შემდგომში აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
2008 წლის მაისში, მოქალაქე ფრიდონ ბარათაშვილმა კერძო კომპანიისგან შეიძინა ქ. ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 2009 წლის ივლისში, ფრიდონ ბარათაშვილი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ მას უძრავი ქონება კანონიერად ჰქონდა შეძენილი.
განხორციელებული ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა ფრიდონ ბარათაშვილმა მისი კუთვნილი 12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ მოთხოვნით იძულებით გადააფორმა სახელმწიფოს სახელზე.
2006 წელს, დავით კუპატაძემ მისი მეგობრის დახმარებით კერძო პირისგან, ნოტარიული წესით შეიძინა ქ. თბილისში, კობარეთის ქუჩის მიმდებარედ 490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.
2010 წლის მარტში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს დავით კუპატაძე, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ და მისცემდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აღნიშნულ მოთხოვნაზე დავით კუპატაძემ საგამოძიებო ორგანოსგან მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, რა დროსაც ქონების შენარჩუნების მიზნით, მან მიწის ნაკვეთი ესპანელ პარტნიორზე - ფრანცისკო ხაბიერ ფერნანდეს გოირიზე გადააფორმა, თუმცა მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოდან მის მიმართ მოთხოვნა კვლავ გაგრძელდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაეთმო.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ვაჟა ციგროშვილს 13 ავტომანქანა და 5 კვადროციკლი; ფრიდონ ბარათაშვილს 180 000 ლარად ღირებული, ქ. ქუთაისში მდებარე 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დავით კუპატაძეს 240 000 ლარად ღირებული, თბილისში მდებარე 490 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 44 ფაქტი, მხილებულია 32 საჯარო მოხელე, 7 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, 23 პირის მიმართ გამოყენებული იქნა დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება გარდაცვალების გამო. დაზარალებულად ცნობილია 79 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 65 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ახალი დეპარტამენტის მიერ 5 მოქალაქის მიმართ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება და შესაბამისი შუამდგომლობით წარიმართა სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.