„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. დღეიდან უკვე ფუნქციონირებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, თვის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელსაც საერთაშორისო მოგზაური ქვეყანაში ჩამოსვლისას ხედავს და მნიშვნელოვანია, რომ მას დახვდეს მაქსიმალური სერვისი. გარდა ამისა, აღნიშნული აეროპორტით სარგებლობს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე და მათ ასევე აუცილებლად მაღალი ხარისხით უნდა მოვემსახუროთ.
„ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმაზე, რომლის თანახმადაც ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება ევროპაში, არამედ შეძლებს საუკეთესო საერთაშორისო მომსახურება შესთავაზოს მგზავრებს. შარშან ამ აეროპორტით დაახლოებით 1,7 მლნ მგზავრმა ისარგებლა და ველოდებით, რომ 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაქსიმალური კომფორტით დახვდნენ,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, აეროპორტში კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს ასევე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქანის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც მომავალში ქუთაისის აეროპორტს ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღება - მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.