logo_geo
eng_logo
კლინიკა „ლიდერმედი“ DRG მოდელის სახელმწიფო პროგრამაში დაბრუნებას ითხოვს
- +

18 იანვარი. 2024. 14:57

 

 

კლინიკა „ლიდერმედი“, რომელმაც მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამიდან გათიშვა მოითხოვა, ამავე პროგრამაში  დაბრუნებას ითხოვს. ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი მოთხოვნით  სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა.  რატომ შეცვლა პოზიცია კლინიკამ 20 დღეში - უცნობია. სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებს.

 

თავდაპირველად კლინიკის მენეჯმენტმა პროგრამიდან გასვლის მიზეზად, სამედიცინო პერსონალისთვის ჰონორარის საკითხი დაასახელა. მათივე განმარტებით, კლინიკა, ძირითადად, ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით მუშაობდა და სამეანო განყოფილება მოგებიანი არ იყო.

 

ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ კლინიკამ პროგრამაში დაბრუნების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული მორატორიუმის გამო, უარი მიიღო. მათივე განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მორატორიუმი გასული წლის თებერვლიდან მოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ, ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების დამატება კი დროებით შეჩერებულია.

 

შეგახსენებთ, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე DRG მოდელი 15 ნოემბერს ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.  დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვებისა და პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. პროგრამით,  5 300-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner