„არა აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში მის კარიერულ გზაზე, თუმცა მწამს, რომ ის იმსახურებს, ქვეყანა მართოს წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?“ გამოსვლისას განაცხადა
მისი თქმით, დღეს უნდა ისაუბრონ იმ საოცარი შედეგების შესახებ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
„დიდი მადლობა! ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, რადგან ევროპაში გრავიტაციის ცენტრად მივიჩნევთ თავს და ვიჯერებთ, რომ ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს. რეალურად კი, სამყარო სხვანაირად მუშაობს. სამყაროს მამოძრავებელი ძალა, განსაკუთრებით ეკონომიკური, აღმოსავლეთისკენ იხრება, და ეს უნდა შევიგნოთ. ჩვენ ევროპაში ვცხოვრობთ და სულ ასე იქნება, მაგრამ აზიის ქვეყნებთან დაკავშირებადობის უნარის გამომუშავება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე კარგი აზრი იყო ამ ევროპული სტრუქტურის შექმნა. ყოველთვის ვუქებ ამ გადაწყვეტილებას ევროპელ ლიდერებს. ეს გვაძლევს ყველა აქტუალური საკითხის განხილვის საშუალებას ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან, ისევე როგორც მოლდოველ და უკრაინელ მეგობრებთან. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც - აზერბაიჯანზე და სომხეთზე, თუმცა აქვე დავძენ, რომ ევროპულ სტრუქტურებში სომხეთი არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას მეტი გავიგოთ მათ შესახებ და მათაც გაიგონ მეტი ჩვენ შესახებ.
როდესაც დასავლეთ ბალკანეთის წარმომადგენლებს გვიწვევთ და თან, როდესაც ჩემი დიდებული მეგობარი ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენთან არის Chatham House-ის წესებით ორგანიზებულ თემატურ დისკუსიაზე, რომელიც გუშინ საღამოს შედგა და რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყოველთვის ხედავთ დასავლეთ ბალკანეთის ოფიციოზის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი, რომელთა ერთი ნაწილი ეპირფერება ევროკავშირის წარმომადგენლებს, ხოლო მეორენი ტირიან და წუწუნებენ ფულის უქონლობის გამო. ასე არ ხდება ჩვენს შემთხვევაში, სერბეთი ასე არ იქცევა. მე ამას არ ვაკეთებ ხოლმე. არც გუშინ გამიკეთებია რაიმე მსგავსი. არასოდეს ვიქცევი ასე, რადგან გულწრფელად მადლობელი ვარ ევროპელი გადასახადის გადამხდელების, რომელთა მიერ მობილიზებული საბიუჯეტო თანხებით ხდება საერთაშორისო დახმარების გამოყოფა და მისი წილი ჩვენც გვხვდება. ასე რატომ აკეთებენ? ყველას თავისი ქვეყანა ჰყავს მისახედი. გვადგება მათი დახმარება? უდავოდ! ბევრ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. შეიძლება მეტი გამოყონ? დიახ! ან ნაკლებიც შეიძლება იყოს.
იცით, მე რისი თქმა მინდა? გულდასმით ვუსმენდი ამ დიდებულ ადამიანებს და გეტყვით, რას ვერ ვხედავთ ევროპიდან. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სხვებზე მეტი ვართ. ამის მიზეზი არც გვაქვს. ერთ რამეს გეტყვით მხოლოდ. თქვენც ხომ მოისმინეთ, რა ბრძანა ირაკლიმ. არა აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში მის კარიერულ გზაზე, თუმცა მწამს, რომ ის იმსახურებს ქვეყანა მართოს წლების განმავლობაში. გახსოვთ საქართველო კაშკაშა ცათამბჯენი რომ იყო ევროპისა და აზიის გარკვეული ნაწილის გეოპოლიტიკურ ჰორიზონტზე? გახსოვთ, რამხელა იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაშინ? თითქმის 0! ან 1, 1.5%! დღეს რატომ არ საუბრობენ იმ საოცარი მიღწევების შესახებ, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა? იგივეს ვიტყვი ჯომარ ტოკაევზეც და მის მთავრობაზე, იცით რატომ? იმიტომ, რომ ევროპაში ვერ ვტრაბახობთ ასეთი შედეგებით. როდესაც მეკითხებით, რა შეიძლება გაკეთდეს ეკონომიკური ზრდისთვის, გეტყვით, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ორ საათში შევხვდები და მადლობას გადავუხდი იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ძალიან კარგია, თუ გვეხმარებით, მაგრამ საკუთარ თავსაც დაეხმარეთ. ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩვენ ძლიერი გერმანია გვჭირდება, რადგან, როდესაც ისინი აცემინებენ, ჩვენ ფილტვების ანთება გვემართება, ხოლო როდესაც მათი ეკონომიკა მცირდება - 3 პროცენტამდე, ჩვენ პრობლემა გვექმნება. სხვა შემთხვევაში +4.5 პროცენტი გვექნება, განა 3.5! ეს საკითხები გვაწუხებს და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ალექსანდერ ვუჩიჩმა.