logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინური მხარის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
- +

18 იანვარი. 2024. 18:25

 

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პეკინში და შანხაიში შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ძირითადი საუბრის თემა პოლიტიკური   და ეკონომიკური განზომილება იყო.

 

„პოლიტიკურ განზომილებაში ვგულისხმობ ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ჩვენი საერთო ამოცანის მიმართ, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა და ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა. შეხვედრებზე არაერთხელ ჩინური მხარის მხრიდან გაჟღერდა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენც არაერთ შეხვედრაზე გავაჟღერეთ ჩვენი მხარდაჭერა ერთი ჩინეთის პრინციპის და ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ. შესაბამისად, ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო და ასევე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

სამხარაძის თქმით, საუბარი იყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ ყველაფრის აუცილებელი კომპონენტია  „შუა დერეფანი“, რომელიც ყველაზე მოკლე გზაა ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად და ამ გზაზე საქართველოს აქვს საკვანძო როლი.

 

„ასევე ეკონომიკური განზომილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩინეთი არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. აქედან გამომდინარე პეკინში შეხვედრებზე საუბარი იყო როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე ახალი გზების ძიებაზე. მათ შორის საუბარი იყო ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე და ამ მხრივ ორივე მხარის მიერ გამოითქვა მზადყოფნა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. აუცილებელი კომპონენტია ასევე  ამ ყველაფრის „შუა დერეფანი“, რომელიც ყველაზე მოკლე გზა არის ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად და ამ გზაზე საქართველოს აქვს საკვანძო როლი. რაც შეეხება შანხაის, შანხაი არის ჩინეთის ეკონომიკის გული, ეკონომიკის ძრავა, ჩინეთის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ შანხაიზე მოდის. აქედან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესო იყო დღეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და იმ პოტენციალზე საუბარი, რომელიც შეიძლება ქართული ბიზნესებისთვის იყოს შანხაიში კერძოდ, მათ შორის ექსპორტის მიმართულებით. ასევე საუბარი იყო ქართული ღვინის ექსპორტზე და ქართული ღვინის სახლების გახსნაზე შანხაიში და ასევე საუბარი გვქონდა შანხაიში დაფუძნებული როგორც ჩინური, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ საქართველოში შესაძლო ინვესტიციების განხორციელებაზე და ჩადებაზე. ჩვენ ასევე მოვინახულებთ შანხაის თავისუფალი ვაჭრობის ზონას, რომელიც არის ერთ-ერთი პილოტური და  ძალიან  საინტერესო  შეიძლება იყოს როგორც ქართული ბიზნესისთვის, ასევე ზოგადად ვაჭრობის განვითარებისთვის საქართველოში. ამიტომ შანხაიში ძირითადად ფოკუსი ჩვენი ვიზიტისა არის ბიზნესი, ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების ხელშეწყობა და ქართული და ჩინური კომპანიების დაახლოება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner