„გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ასეთი განცხადებების მოსმენა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია,“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სამების საკათედრო ტაძრის შესახებ ნატა ფერაძის განცხადებას, რომელმაც სამების ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი.
„კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერს აქვს ორკესტრირებული ხასიათი. ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელშემწყობი და მე მგონია, რომ ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს. თუმცა ვიტყოდი იმასაც, რომ ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს მორიგ ჯერზე საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად შევაფასოთ, შესაბამისი შეფასება მივცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ შეფასების დონეზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.