„ყველა გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა არათუ მყარი უმრავლესობა, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობაც“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტის გარშემოა.
„შევხედოთ, რა არჩევანი აქვს მოსახლეობას – არჩევანი „ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყანას სიმშვიდე, ეკონომიკურ ზრდა და ოპოზიცია, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, დააწესებენ სანქციებს, საქართველოს მოსახლეობას დააყენებენ ეკონომიკური კრიზისისა და შესაძლო ომის პირას. შემოაქვთ რეზოლუციები და ინიციატივები „ლელოს“ და სხვა პარტიებს, მათი მთავარი იდეა რაც არის, ისინი ჩარჩენილი არიან 30 წლის წინანდელ პოლიტიკაში, რომ სამტრედიის რკინიგზა უნდა გადაკეტონ. ეს არის მათი პოლიტიკა 21-ე საუკუნეში. საქართველოს მოსახლეობას სთავაზობენ იმას, რაც 30 წლის უკან იყო, როდესაც სამტრედიის რკინიგზას ვკეტავდით და გვეგონა, რომ ჩვენ ამით რაიმე როლს შევიტანდით გეოპოლიტიკურ გადაადგილებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.