“ორი წელიწადი გვაცხოვრებდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ და ა.შ. დღეს კი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაში, ფაქტობრივად, ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ; დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას. ეს გავიგეთ დღეს და ამიტომ მოველით, რომ ბოდიშს მოიხდის ეს ხალხი, მაგრამ ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხანდახან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის რეესტრის მეშვეობით გაირკვა, რომ მილიონები იყო დახარჯული ლობისტებში, რათა ეყიდათ სტატიები, სატელევიზიო რეპორტაჟები, პოლიტიკური განცხადებები და საზოგადოებამ ისიც კი გაიგო, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები ამერიკელი ლობისტების მიერ იყო შედგენილი.
„აი, ასე შეირცხვინა თავი საქართველოს წინაშე ბევრმა ორგანიზაციამ და ბევრმა პოლიტიკოსმა დასავლეთში. ვფიქრობ, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა იყო ასეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასე მფარველობს, რომელიც, მის წინააღმდეგ რომ სასამართლოები მიდიოდა და განაჩენები იყო გამოტანილი, იფარებდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც მერე შემოაპარა ქვეყანაში, რათა აქ არეულობა მოეწყო და ქართველები ერთმანეთს გადავკიდებოდით არჩევნების დღეს. უნდა დავფიქრდეთ, რა არის ასეთი ძალა, რომელიც ასეთ ენერგიას ხარჯავს, რომ იყიდოს მედია, პოლიტიკური განცხადებები და სხვადასხვა რეზოლუცია. ამაზე უნდა იფიქროს ხალხმა და, მათ შორის, იფიქროს იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ხოლმე საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეიძლება, ეს დასკვნა გახდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სისტემაში გადაყვანის საფუძველი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ექიმები წყვეტენ.
„მთავარია დიდი სურათი, დიდ სურათში კი, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე პრობლემა შეექმნა, ამაში დამნაშავეები არიან მისი მფარველები, მისი მხარდამჭერები და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თავად. როდესაც მან შიმშილობა გამოაცხადა და თავს ზიანს აყენებდა, იმიტომ იყენებდა ზიანს, რომ მას იმედს აძლევდა ის რეზოლუციები, უცხოელ პოლიტიკოსთა განცხადებები, დიპლომატთა დემარშები და ექიმები, რომლებსაც მერე წინდებით ჩუმად გაჰქონდათ ანალიზები და ა.შ. ეს ყველაფერი მას იმედს აძლევდა, კიდევ ცოტაც, ერთი დღეც იშიმშილე, ერთი კვირაც მიამატე, ცოტა კიდევ დაიკელი და ციხიდან აუცილებლად გიხსნითო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არანაირი დახსნა არ იქნება, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი დანაშაულებისთვის, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი და, რა თქმა უნდა, მისი რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკური საკითხები დამატებით თუ არის მოსაგვარებელი, გასეირნების საკითხი თუ სხვა, ეს უმარტივესია და, რა თქმა უნდა, ამას იუსტიციის სამინისტრო მოაგვარებს.