logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროპული კომიტეტის დასკვნიდან გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას
- +

19 იანვარი. 2024. 01:44

 

 

„უნდა დავფიქრდეთ, რა იყო ასეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასე მფარველობს, რომელიც, მის წინააღმდეგ რომ სასამართლოები მიდიოდა და განაჩენები იყო გამოტანილი, იფარებდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც მერე შემოაპარა ქვეყანაში, რათა აქ არეულობა მოეწყო და ქართველები ერთმანეთს გადავკიდებოდით არჩევნების დღეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპული კომიტეტის დასკვნა ნიშნავს, რომ უცხოელი პოლიტიკოსები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ.

 

„ორი წელიწადი გვაცხოვრებდნენ ისე, თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ, წამლავდნენ და ა.შ, დღეს კი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაში ფაქტობრივად ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველო აღნიშნული პოლიტიკოსებისგან ბოდიშის მოხდას მოელის.

 

„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ; დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას. ეს გავიგეთ დღეს და ამიტომ, მოველით, რომ ბოდიშს მოიხდის ეს ხალხი, მაგრამ ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხანდახან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, როგორც აშშ-ის რეესტრის მეშვეობით გაირკვა, მილიონები იყო დახარჯული ლობისტებში, რათა ეყიდათ სტატიები, სატელევიზიო რეპორტაჟები, პოლიტიკური განცხადებები და საზოგადოებამ ისიც კი გაიგო, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტები ამერიკელი ლობისტების მიერ იყო შედგენილი.

 

„აი, ასე შეირცხვინა თავი საქართველოს წინაშე ბევრმა ორგანიზაციამ და ბევრმა პოლიტიკოსმა დასავლეთში. ვფიქრობ, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა იყო ასეთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასე მფარველობს, რომელიც, მის წინააღმდეგ რომ სასამართლოები მიდიოდა და განაჩენები იყო გამოტანილი, იფარებდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც მერე შემოაპარა ქვეყანაში, რათა აქ არეულობა მოეწყო და ქართველები ერთმანეთს გადავკიდებოდით არჩევნების დღეს. უნდა დავფიქრდეთ, რა არის ასეთი ძალა, რომელიც ასეთ ენერგიას ხარჯავს, რომ იყიდოს მედია, პოლიტიკური განცხადებები და სხვადასხვა რეზოლუცია. ამაზე უნდა იფიქროს ხალხმა და მათ შორის, იფიქროს იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ხოლმე საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner