16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" აღინიშნება. საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" 2016 წლის საერთო თემის „მემკვიდრეობა და საზოგადოება" ფარგლებში მოეწყობა.
ღონისძიებების ფარგლებში, 16 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია" გახსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.
ღონისძიებები ჩატარდება: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით „ევროპელები ქართული დიზაინის სათავეებთან". ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. გამოფენილი იქნება სტრაუმეს, შმერლინგის, ჰრინევსკის და სხვა მხატვრების სამუშაო ესკიზები, კერამიკის, ქსოვილების, ოქრომჭედლობის ნიმუშებისათვის და სხვა; გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა: „ნივთის ორნამენტით შემკობა".
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, 17-18 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება უფასო გამოფენა „შექსპირი ქართულ სცენაზე". გამოფენა გამოეხმაურება „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" პროგრამას. წარმოდგენილი იქნება მასალა საქართველოში შექსპირის თემასთან დაკავშირებით.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა - „ევროპა, ტექნოლოგია, ქსოვა", რაც მოიცავს მუზეუმის ევროპული კოლექციების ჩვენებას, ქსოვილის დამზადების მიმართულებით: ჟაკარდული ქსოვილების კოლექცია (ლიონი,საფრანგეთი), მაქმანის კოლექცია (მიუნხენი, გერმანია), ქიმიური საღებავების კოლექცია (გერმანია), ქსოვილის, საქსოვი დაზგების ფოტოალბომის ჩვენება, აღნიშნული ალბომი პირველად გამოიფინება საზოგადოებისათვის.
მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, 17-18 სექტემბერს იქნება ღია კარის დღეები, გაიმართება ხალიჩისა და ქსოვის ნამუშევრების გამოფენა. სტუმარებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულტურულ- საგანმანათლებო პროგრამაში. შექმნან ნახატები თემაზე „ევროპა - ჩვენი სახლია". საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს საპატიო სიგელები გადაეცემათ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმში 18 სექტემბერს 10-16 წლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები მოეწყობა. ბავშვებს, მთელი დღის მანძილზე, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება უფასოდ მიიღონ მონაწილეობა შემეცნებით და ინტერაქტიულ პროგრამებში.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში, ღონისძიებები დაგეგმილია რეგიონებშიც - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში, 17 სექტემბერს გაიხსნება გამოფენა „ევროპა-საქართველო'', სადაც წარმოდგენილი იქნება თემატურად ევროპასთან დაკავშირებული ექსპონატები; ფრანგული, გერმანული, ინგლისური სკოლის ნიმუშები - ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება, ავეჯი და სხვა.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდება ლექცია „ილია ჭავჭავაძე და მისი ევროპელი მეგობრები";
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, 17 სექტემბერს გაიხსნება გამოფენა „ილია და ევროპელები", მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში მოეწყობა მინი ექსპოზიცია და წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდებში არსებული მასალები (ილია ჭავჭავაძის ევროპაში მოგზაურობის და სხვა);
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, 17 სექტემბერს გაიმართება ლიტერატურული საღამო-პერფორმანსი „გალაკტიონი, ტიციანი და ევროპული კულტურა" და ასევე გალაკტიონის დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ბუკლეტის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცემა ვანის გამგეობის კულტურის სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყობა თეატრალური პერფორმანსი „შენ ჯვარს იწერდი".
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში - ნიკო ნიკოლაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი ნივთები 10 დღით გამოიფინება. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ესეების, ჩანახატებისა და ნახატების კონკურსი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, გამარჯვებულების გამოვლენა და მადლობის სიგელების გადაცემა;
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში, 16-17 სექტემბერს მოეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია".
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი (მირზაანში) - ქართველ და უცხოელ მხატვართა ერთობლივ ვორქშოპს უმასპინძლებს. ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ქართველი და უცხოელი მხატვარი. მათ შორის არიან თანამედროვე გერმანელი მხატვარი ვიქტორ ოსტროვსკი, ოლეგ ტიმჩენკო (საქართველო), გოგი ლაზარაშვილი (საქართველო), ლანა ოტვაილერი (გერმანია) და სხვა. დაგეგმილია საგანმანათლებლო ლექციები, მასტერკლასები და უორქშოფები;
საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეების" აღნიშვნას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს. ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წელიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" პირველად 2014 წელს აღინიშნა. „ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ყოველი წლის სექტემბრის ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გულისხმობს, როგორც გამოფენებს, სპეციალურ ტურებს გიდის თანმხლებით, კონფერენციებს, მუზეუმში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილ აქტივობებს, ისე კონცერტებსა და სხვადასხვა ტიპის შოუებს და ა.შ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, ისტორიის სხვდასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე. წლევანდელი, 2016 წლის თემა მემკვიდრეობა და საზოგადოება გახლავთ.