ნიდერლანდების სამეჯო ოჯახს გადასახადების გადახდა შეიძლება დაევალოს. Politico-ს ცნობით, შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მისი მიღების შემთხვევაში მეფე ვილემ-ალექსანდერი თავისი შემოსავლის დაახლოებით ნახევარს დაკარგავს.
კონსტიტუციის თანახმად, მეფე ვილემ-ალექსანდერი და მისი ოჯახი არ იხდიან გადასახადებს იმ შემოსავლიდან, რომელსაც ისინი სამეფო უფლებამოსილების შესრულებისთვის იღებენ. ცალკეულ შემთხვევებში ისინი თავისუფლდებიან პირადი ქონების გადასახადისგან.
მიმდინარე კვირაში სამი პარტიის დეპუტატებისგან შემდგარმა ჯგუფმა შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც სამეფო ოჯახისთვის დაშვებული გამონაკლისის გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მისაღებად დეპუტატების ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.
„მნიშვნელოვანია, რომ საშემოსავლო გადასახადი მეფემაც გადაიხადოს. მასწავლებლები და პოლიციელები იხდიან გადასახადებს, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი საჯარო სერვისებში“, - განაცხადა დეპუტატმა ხოოსტ სნელერმა. კანონპროექტს მხარს უჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც.
ნიდერლანდებში პროგრესული საშემოსავლო გადასახადის სისტემა მოქმედებს. 75 518 ევროზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის საგადასახადო განაკვეთი 49,5%-ს შეადგენს. მეფე ვილემ-ალექსანდერი სამეფო უფლებამოსილების შესრულებისთვის წელიწადში დაახლოებით 1,1 მილიონ ევროს იღებს, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის სახით მას დაახლოებით 500 000 ევროს გადახდა მოუწევდა.