უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ივან გავრილიუკმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, რუსეთმა უნდა დაკარგოს ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის.
გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს უკრაინის ტერიტორიის სრულად გათავისუფლებით [1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში] და ამის შემდეგ უნდა შეიქმნას მექანიზმები, რათა რუსეთმა კვლავ არ დაიწყოს უკრაინაზე ან მის რომელიმე მეზობელზე თავდასხმის მომზადება.
"ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკების მაგიდასთან გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერით. ვფიქრობ, იგივე მოხდება ჩვენს შემთხვევაშიც. შეთანხმებებს ხელს მოაწერს - ერთი მხრივ, სახელმწიფოთა კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი. და ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პუნქტს რუსეთის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შესახებ, რადგან ეს სახელმწიფო საფრთხეა მსოფლიოსთვის", - დასძინა ივან გავრილიუკმა.