პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, მისი ყველა ქმედება იქ არის არალეგიტიმური და არალეგალური და როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, ყველა ასეთი ტრანზაქცია თავისთავად იქნება ბათილი.
„როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია სხვა ქვეყნის მხრიდან - სხვათა შორის, ეს ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია აღიარებულია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავების საფუძველზე - ნებისმიერი სამართლებრივი თუ სხვა სახის ტრანზაქცია, რომელიც იქ შეიძლება ხორციელდებოდეს, არის ბათილი და არარა. ამას რაიმე იურიდიული დატვირთა ჩვენთვის არ აქვს. როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, ყველა ასეთი ტრანზაქცია თავისთავად იქნება ბათილი. რაც შეეხება პუტინის კონკრეტულ ბრძანებას, დეტალებში არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. რუსეთი დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის სრული ბატონ-პატრონი. ის განკარგავს პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც, ფინანსებსაც, ქონებასაც და ყველაფერს. სწორედ ამას ჰქვია ეფექტური კონტროლი, რაზეც საუბრობს სტრასბურგის სასამართლო. ოკუპირებული ტერიტორიები სრულად არიან რუსეთის ბიუჯეტზე და მთლიანად ეს ტერიტორიები განიკარგება რუსეთის მხრიდან. ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ოკუპაცია გულისხმობს როგორც დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შებღალვას, ასევე ადამიანის უფლებების შებღალვას, შესაბამისად, დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს რუსეთზე, ტერმინოლოგიურადაც იყოს აღიარებული ოკუპაციის საკითხები. იცით, რომ ევროკავშირი დღესაც ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ „ოკუპაციას“ არ იყენებს, თუმცა ბოლო პერიოდში, მაგალითად, ჟოზეფ ბორელმა გამოიყენა ეს ტერმინი განცხადებაში. მნიშვნელოვანია, რომ ამას მიაქციონ ყურადღება. ჩვენ სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. შესაბამისად, მისი ყველა ქმედება იქ არის არალეგიტიმური და არალეგალური. საერთაშორისო ორგანიზაციებში რაც კი ინსტრუმენტები არსებობს, წლებია, საქართველოს ხელისუფლება ამას იყენებს. გარდა ამისა, გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, რომელმაც უნდა შეაჩეროს ამ პროცესის შესაძლო ლეგიტიმაცია სხვა ქვეყნების მხრიდან და აქაც წარმატებები გვაქვს და არ ფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.