logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც ახლა საქართველოში აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმაზე, რომ ჩაშალოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად, და არა დერეფნად
- +

20 იანვარი. 2024. 13:58

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც ახლა საქართველოში აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმაზე, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად, და არა დერეფნად.

 

„სწორედ ისეთი შეხვედრები, როგორიც პრემიერ-მინისტრს უმაღლეს დონეზე ჰქონდა დავოსში, იძლევა შესაძლებლობას, რომ დაინტერესდნენ დამატებით სხვადასხვა სახის ორგანიზაციები თუ ჯგუფები საქართველოში ინვესტირებით. სწორედ ასეთი შეხვედრებისა და აქტივობების დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში ათ-ათი პროცენტი და ბოლო წელს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც უპრეცედენტო არის. რაც შეეხება ჩინეთში ვიზიტს, აქაც, მე მიკვირს, რომ ოპოზიცია საერთოდ აცდენილია ეროვნულ ინტერესებს. არათუ დღეს, მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში და მანამდეც, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ვსაუბრობთ ერთ რამეზე, რომ საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ეს გზა სად იწყებოდა? ჩინეთში იწყებოდა და ევროპაში მთავრდებოდა. დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, არის ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობა და განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი. ეს ცალკე საკითხია - პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებულები არიან „ენჯეო“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ფაქტია, რომ თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს. ეს საინტერესოა, იმიტომ რომ საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზეც ჰქონდა წვდომა, და ახლა რომ არის დაკავებული ლობიზმით, არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, ეს ცალკე პრობლემა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანასაც. ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ შუა დერეფანი გამოვიყენოთ და ევროპასა და ჩინეთს შორის მოძრავი ტვირთები საქართველოზე გავიდეს. უნდა დავფიქრდეთ, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები და რა დაფინანსება დგას მათ უკან. ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმაზე, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად, და არა დერეფნად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner