პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ სიძულვილის ენა ფინანსდება აშშ-ის მიერ და ამერიკელი ხალხის სახელით. ასე შეაფასა მან „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.
„სიძულვილის ენაც გამოხატვის თავისუფლებაა. პრობლემა ისაა, რომ სიძულვილის ენა ფინანსდება აშშ-ის მიერ და ამერიკელი ხალხის სახელით. პრობლემად იქცევა ხოლმე სიძულვილის ენა, ანტიეკლესიური რადიკალიზმი და ასევე მტრული რიტორიკა მაშინ, როდესაც ეს შეიძლება ყოფილიყოს დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტთან ან ეს დაფინანსებულია გარედან. ამიტომაც, ბატონ მინდიაშვილს შეუძლია იყოს ისეთი მოძულე, როგორიც სურს, მაგრამ როდესაც ამაში იხარჯება ამერიკელი ხალხის ფული, სწორედ ეს არის პრობლემა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესში საერთოდ არ შედის ის, რომ სიძულვილის ენა ფინანსდებოდეს მისი გადასახადებიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.