ცალსახად დასავლეთთან დგომას აქვს გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თორემ ღირებულებითი თვალსაზრისით, ეს გადასარევი არჩევანია, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
„ჩვენ გვყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ცალსახად დავდგეთ დასავლეთის მხარეს, თუმცა როდესაც მათ ეკითხები უსაფრთხოების საკითხებზე, პასუხს ვერ გცემენ. ამ პასუხებიდან აზრის გამოტანა ძნელია. გეუბნებიან, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსია, მე ვეუბნები, როცა ასეთ უალტერნატივობის გზას ირჩევ, რუსეთის იგნორირებას ამ მოტივით როგორ აპირებ? პასუხი არ არის. მეორე მხარეს არიან ცალსახად პრორუსული ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან გავაღრმაოთ ურთიერთობები. ამ ადამიანებს არ ახსოვთ, რომ ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და ახალგაზრდებს იმდენად აქვთ ევროპული ღირებულებები გათავისებული, რომ ეს იდეოლოგია ვერასდროს იმუშავებს, რადგან დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთთან თავსებადი არ არის“, - აღნიშნა კაკულიამ.