ავღანეთის მთებში ჩამოვარდა რუსული სამგზავრო თვითმფრინავი Falcon 10B, რომელიც ჩარტერულ რეისს ასრულებდა და ინდოეთიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა. როგორც lenta.ru წერს, ბორტზე სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი - მათგან სულ მცირე ორი - რუსეთის მოქალაქეა.
არსებული ცნობით, თვითმფრინავის ორივე ძრავი ერთდროულად გაითიშა.
lenta.ru-ს ცნობით, საჰაერო ხომალდი გაიას აეროპორტიდან აფრინდა და ტაშკენტის გავლით, ჟუკოვსკის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკატასტროფის ფაქტზე საქმე აღძრა. გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.