გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, ქალაქ ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე. თენგიზ ნასარიძემ მადის კალასს საქართველოში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება ევროინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობრებთან - ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა. ევროინტეგრაციის გზაზე ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში განვახორციელოთ ცვლილებები; ვმუშაობთ სოფლის განვითარების სააგენტოს გარდაქმნის, მიწის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ინტეგრირებული სისტემის, ფერმერთა რეესტრის ევროპული პრაქტიკით წარმოების საკითხებზე და ამ კუთხით პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.