„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფოსგან თავს დაცულად გრძნობს.
ლაგაზიძე არ აკონკრეტებს, თუ რა სახის გარანტიები მიიღო მისი და მისი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან.
„პროკურატურიდან გუშინ დამიკავშირდნენ ჩემი ბოლოდროინდელი განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მე ვთხოვდი სახელმწიფოს ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, რადგან ჩემს მიმართ იყო მუქარები, რომლებიც მოდიოდა ბურჭულაძის პარტიიდან. დღეს სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, როგორ და რა მექანიზმებით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, მის მიმართ მუქარას ახორციელებდა აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის" პირველი ნომერი გოგა კალაძე, იგივე „კალოშა".
„ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტით გამოირჩევიან, ამჟღავნებდნენ აგრესიას ჩემს მიმართ. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ვარაუდის საფუძველი, რომ მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებოდა საფრთხე. ეს უკავშირდება აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის სიის შედგენის პროცესს, რომლის მიმართაც მქონდა განსაკუთრებული ინტერესი და რომლის თაობაზეც აჭარაში მივლინებითაც ვიმყოფებოდი", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვებს, აღიძრა თუ არა საქმე მის განცხადებებთან დაკავშირებით, დაინიშნება თუ არა სახელმწიფო დაცვა ან დაიკითხება თუ არა მისი ბრალდებების ადრესატი გოგა კალაძე, იგივე „კალოშა", ამ დროისთვის ლაგაზიძე არ საუბრობს.