გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ქალაქ ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის (GFFA 2024) გახსნის ღონისძიებაში და ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-16 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტერიალის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ერთობლივი ძალისხმევა, რათა გადაილახოს დღეს არსებული გამოწვევები, გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა, მოხდეს სასურსათო სისტემების ტრანსფორმაცია, ხელი შეეწყოს მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას და განვითარდეს საერთაშორისო ვაჭრობა. შეხვედრაზე აღინიშნა სოფლის მეურნეობის დარგში ქალთა ჩართულობის წახალისების აუცილებლობაც.
„ფორუმზე განხილულ იქნა ის საკითხები, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით აწუხებს; რა თქმა უნდა, ეს გამოწვევები ჩვენც გვეხება. საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ განხილვებში. მიღებულ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი კომუნიკე, რომელიც ყველა იმ ძირითად ასპექტს მოიცავს, რაც სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით არსებობს. აქტიურად იზრდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ჩვენი საექსპორტო მაჩვენებლები როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ევროკავშირის მიმართულებით; დაახლოების გზებზე ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ჩართულობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ კონფერენციებში, რომლებზეც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროინტეგრაციის საკითხები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები გახილეს. მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პროგრესს, რაც სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით იქნა მიღწეული. თენგიზ ნასარიძემ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ჯემ ოზდემირის და ევროკომისარ სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკის მონაწილეობით. დისკუსიებზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მექანიზმები, რომელიც მნიშვნელოვანია ერთობლივად იქნეს გამოყენებული კანდიდატი ქვეყნების მხრიდან.
თენგიზ ნასარიძემ მონაწილეობა მიიღო დიდი შვიდეულის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განიხილეს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინაში არსებული საომარი ვითარებით შექმნილ კრიზისზე და მის გავლენაზე რეგიონის ქვეყნებში სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვზე. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებს და აღნიშნა, რომ გამოწვევების დასაძლევად ქვეყნების ერთობლივ ქმედებებს გადამწყვეტი როლი ენიჭება.