logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მე ჯიუტად ვაგრძელებ აშშ-ის კანონმდებლობაში „რუსული კანონების" ძებნას და გავაგრძელებ მანამ, სანამ თეთრ სახლს „რუსულ სახლად“ არ მოიხსენიებენ
- +

22 იანვარი. 2024. 16:47

 

 

„რა უდევს საფუძვლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაციის აქტებს“, - ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

როდესაც ის პარალელს ავლებს საქართველოსთან, აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩვენი არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის გამო, ბოლო პერიოდში მომრავლდა იმ პარტიული სუბიექტების რაოდენობა, რომელთა საქმიანობა საზღვარგარეთიდან იმართება.

 

„მე ჯიუტად ვაგრძელებ აშშ-ის კანონმდებლობაში „რუსული კანონების“ ძებნას. და გავაგრძელებ მანამ, სანამ თეთრ სახლს „რუსულ სახლად“ არ მოიხსენიებენ. ამ კანონზე უკვე მქონდა მინიშნება, მაგრამ „ხალხის ძალის" მიერ დაანონსებული დაპირების ფარგლებში („ნაცმოძრაობაზე“ საპარლამენტო-საგამოძიებო „სასამართლო“) კიდევ ერთხელ გავიხსენოთ: „ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი იმ პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაციის აქტი, რომელთა საქმიანობა უცხოეთიდან კონტროლდება“, ან შემოკლებით „ვურჰისის აქტი“, რომლის ინიციატორი გახდა ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯერი ვურჰისი (1901-1984) და რომელიც ამერიკაში 1940 წლიდან ფედერალური კანონის სახით მოქმედებს. ეს აქტი არეგულირებს პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ან უცხოურ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ან, როგორც ამას აშშ მთავრობა განსაზღვრავს: ორგანიზაციების, რომლებიც წარმოადგენენ „გარე გავლენის სუბიექტებს“.

 

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩვენი არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის გამო, ბოლო პერიოდში მომრავლდა იმ პარტიული სუბიექტების რაოდენობა, რომელთა საქმიანობა ან პირდაპირ საზღვარგარეთის ორგანიზაციებიდან, ან ცალკეული გავლენიანი აშშ-ს, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა და ბიზნესმენების მხრიდან იმართება, მათი ფინანსური და აგენტოკრატიული მონაწილეობის ჩათვლით. აღნიშნული ამერიკული ფედერალური კანონის თანახმად, ორგანიზაცია აღიარებული იქნება „უცხოური გავლენის სუბიექტად“, თუ:

 

1) ის ითხოვს ან იღებს რაიმე სახის ფინანსურ შემოწირულებას, სესხს ან მხარდაჭერას, პირდაპირ ან ირიბად; პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის პოლიტიკურ ქვედანაყოფთან; ან მის წარმომადგენელთან, შუამავალთან - უცხოური მთავრობის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის მეშვეობით; ან უცხოურ პოლიტიკურ პარტიასთან; ან საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

 

2) ან მისი პოლიტიკა განპირობებულია, ნაკარნახევია უცხო ქვეყნის მთავრობისა ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის მიერ ან იმართება მათი მხრიდან - ან წარმომადგენლის, შუამავლის ან უცხო ქვეყნის მთავრობის, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან უცხოური პოლიტიკური პარტიის, ან საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციის მეშვეობით.

 

ასეთ ორგანიზაციას მოეთხოვება დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა) გენერალური პროკურატურის ოფისში და შემდეგი პირობების უზრუნველყოფა:

 

ა) აშშ-ში ორგანიზაციის რეგისტრირებული სახელწოდების და საფოსტო მისამართის, მისი ნებისმიერი წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი კომპანიის სახელწოდებისა და მისამართების მითითება;

 

ბ) ორგანიზაციის ყველა წევრის და ყველა იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი და ეროვნება, რომლებიც მსახურობენ ორგანიზაციის თანამშრომლის რანგში, მის ყველა წარმომადგენლობაში, ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში;

 

გ) ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობები;

 

დ) ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი ორგანიზაციის მიმდინარე და პერსპექტიული მიზნები და განზრახვები;

 

ე) ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი ორგანიზაციის მიერ ჩასატარებელი შეხვედრების ადგილის მისამართებისა და დროის მითითება;

 

ვ) ყველა იმ პირის სახელები და მისამართები, რომლებიც აფინანსებენ ორგანიზაციას, უთმობენ მას ქონებას, იხდიან საწევრო გადასახადს ან სხვა ღირებულ ნივთებს აჩუქებენ ორგანიზაციას, მის ყველა წარმომადგენლობას, ფილიალს ან შვილობილ ორგანიზაციას;

 

ზ) ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალისა ან შვილობილი ორგანიზაციის ფინანსური ბალანსის დეტალური ანგარიში: თანხების მოპოვების წყაროები, ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ვალებისა და შემოსავლების დეტალური ანგარიში;

 

თ) ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი ორგანიზაციის საქმიანობის დეტალური აღწერა;

 

ი) ორგანიზაციის უნიფორმების, სამკერდე ნიშნების, ემბლემების ან ორგანიზაციის იდენტიფიკაციის სხვა მიღებული საშუალებების აღწერა, იმის მითითებით, თუ როგორ ატარებენ მათ თანამშრომლები ან ორგანიზაციის წევრები;

 

კ) ყველა წიგნის, ბროშურის, ბუკლეტის ან სხვა პუბლიკაციის ან ხელნაწერის, ბეჭდური ან გრაფიკული მასალის ასლების ჩამონათვალი, რომლებიც გამოქვეყნებულია ან ვრცელდება პირდაპირ ან ირიბად ორგანიზაციის, მისი ყველა წარმომადგენლის, ფილიალის ან შვილობილი ორგანიზაციის ან ორგანიზაციის ყველა წევრის სახელით, მათი უფლებამოსილების ფარგლებში - მათი მოკლე შინაარსის, ავტორის ან ავტორების, გამომცემლობის და მათი მისამართების მითითებით;

 

ლ) ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ყველა ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა იარაღის აღწერა, ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილი ორგანიზაციის მიხედვით - იარაღის საიდენტიფიკაციო სერიული ნომრების მითითებით;

 

მ) თუ ორგანიზაცია ექვემდებარება უცხოურ გავლენას, საჭიროა ამ გავლენის დეტალური აღწერა;

 

ნ) ქარტიების, წესდების, ძირითადი კანონების, წესების, დებულებების, შეთანხმებების, დადგენილებებისა და ორგანიზაციის ურთიერთობის ყველა სხვა ინსტრუმენტის დოკუმენტური ასლები, ორგანიზაციის უფლებამოსილებისა და მიზნების, ორგანიზაციის თანამშრომლების უფლებამოსილებების დეტალური აღწერა, მისი ყველა წარმომადგენლობის, ფილიალის ან შვილობილ ორგანიზაციებთან მიმართებაში;

 

ო) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ფედერალური აქტის მიზნებთან, რაც პერიოდულად შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა პროკურორმა.

 

აღსანიშნავია, რომ 1940 წლის 17 ოქტომბერს მიღებული ეს ფედერალური კანონი მორგებული იყო ორ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტზე: „მუშათა სოციალისტურ პარტიასა“ და „კომუნისტურ პარტიაზე“ - რომელთა საქმიანობა აიკრძალა კიდეც იმავე წელს.

 

ანუ, რომელიმე პიროვნებაზე თუ ორგანიზაციაზე რაიმე კანონის მორგება - ამერიკული საკანონმდებლო პრაქტიკის და დემოკრატიული მმართველობის მაღალი ამერიკული ხარისხის გათვალისწინებით - სრულ შესაბამისობაში შედის საკუთარ საშინაო სამართლებრივ სივრცესთან, და საქართველოს მხრიდან მსგავს მიდგომასთან (საჭიროების შემთხვევაში) რაიმე ტიპის შენიშვნასა თუ აღშფოთებას წესით არ უნდა იწვევდეს“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner