იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დელეგაციის წევრების ვიზიტი მედიაში ცალმხრივად გაშუქდა.
„დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არსებულ ღია თანამშრომლობის თაობაზე; დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად. აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, სამედიცინო პერსონალსა და ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტებს შორის არის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ ბრალდებულ და მსჯავრდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, ბრალდებულ-მსჯავრდებულ პაციენტებს შორის ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აღინიშნა, რომ კლინიკაში განთავსების პირობები ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის არის ადეკვატური. ყურადღება იყო გამახვილებული პალატების ზომებზეც და ითქვა, რომ ისინი არის სტანდარტებთან შესაბამისობაში, და რომ პალატებში არის სისუფთავე. ასევე, ვენტილაცია კარგად მუშაობს და მოწესრიგებულია სველი წერტილები, პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ტანსაცმელი; ხაზი გაუსვეს იმ გარემოებასაც, რომ კლინიკის სამედიცნო პერსონალი მრავალი სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ შორის, კარდიოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი СPT-ის დასკვნაში ნახსენებიც კი არ არის: „ნახსენები საერთოდ არ იყო მისი სახელი და გვარი, ნახსენები იყო „მისტერ სი“.
„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.