СPT-ის რეკომენდაციების შესრულების შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ ისაუბრა.
„იყო გარკვეული ტიპის რეკომენდაციები. მაგალითად, საუბარი იყო დაბურულ შუშაზე. ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს და 12 აპრილს ესეც ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი და კომიტეტი ამას მიესალმებოდა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გაცემული იყო რეკომენდაცია, რომ პატიმრებს ჰქონოდათ პრეტენზიების გამოხატვის საშუალება, რის საფუძველზეც კლინიკა „ვივამედში“ ე.წ. საჩივრის ყუთები განთავსდა.
„ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აქვს განსხვავებული პირობები სხვა პატიმრებთან მიმართებით იმიტომ, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ტელევიზორი. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი დისკრიმინაციის. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღეში, რაც ჩვენ პირველადი შედეგები მივიღეთ, აპრილში, დავკიდეთ ყველა უსაფრთხოების ზომის გათვალისწინებით ტელევიზორები სხვა მსჯავრდებულების პალატებში. საუბარი იყო იმაზე, რომ კლინიკაში მსჯავრდებულებს სჭირდებოდათ მეტი ავეჯი – ეს რეკომენდაციაც მყისიერად იყო შესრულებული. ამის შესახებაც წერია დასკვნაში და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაეცნონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ СPT-ის დასკვნასთან ერთად გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის პასუხი ანგარიშზე, რაც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა:
„ნებისმიერი მსგავსი ტიპის ანგარიშის განხილვა ხდება კომპლექსურად, პასუხებთან მიმართებით, ხოლო პასუხებზე არცერთ ოპოზიციურად განწყობილ მედიას არ გაუმახვილებია ყურადღება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.