logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენ, „ხალხის ძალამ “, საპარლამენტო უმრავლესობასთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, გლობალური ომის პარტიის მხილებით, ავაცილეთ საქართველოს ომში ჩართვა
- +

24 იანვარი. 2024. 11:17

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, „ხალხის ძალის“ მისამართით ხშირად ისმის კითხვები, რატომ ამბობენ ისინი, თითქოს დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ?

 

„ხშირად გვეკითხებიან, ხომ არ არის ასეთი განცხადებები ანტიდასავლური? ამის პასუხად ვიტყვი, რომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და დიდი იმედი გვაქვს მათი მხარდაჭერის, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ნამდვილად არ მინდა, რომ პოსტ-ფაქტუმ, მას შემდეგ, რაც საქართველო ომში აღმოჩნდებოდა ჩართული, ისეთივე განცხადებები მომესმინა საქართველოზე, როგორსაც ვისმენთ უკრაინის მიმართ.

 

მაგალითად, ორი თვის წინ გავრცელდა პენტაგონის ოფიციალური განცხადება, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაში ომი ძალიან კარგია ამერიკელი ხალხისთვის, რადგან ამ ომის შედეგად ამერიკის სამხედრო თავდაცვის მრეწველობა ვითარდება, ამერიკაში იქმნება მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილები და ამერიკის თავდაცვისუნარიანობა იზრდება, მაშინ, როდესაც რუსეთი პირიქით - სუსტდება.

 

მოგვიანებით იგივე თქვა აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ახლახან, ორი დღის წინ იგივე გაიმეორა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერმა. მან სიტყვა-სიტყვით თქვა შემდეგი: „თავდაცვის სფეროში უკრაინის დახმარება უზრუნველყოფს ამერიკის სამხედრო მზადყოფნას და ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ამერიკელებისთვის“.

 

ამერიკის ან რომელიმე სხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა თუ სამხედრო მრეწველობისთვის შეიძლება კარგია, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მაგრამ ეს არის კატასტროფა უკრაინელი ხალხისთვის, უკრაინის ეკონომიკისა და მისი მომავლისთვის. საქართველოსთვის მსგავსი სცენარი აბსოლუტურად დამღუპველი იქნებოდა და ჩვენ, „ხალხის ძალამ “, საპარლამენტო უმრავლესობასთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენი განცხადებებით და გლობალური ომის პარტიის მხილებით, ავაცილეთ საქართველოს ომში ჩართვა და ამ გზას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ქვეყანა მტკიცედ და შეუქცევადად დგას მშვიდობის გზაზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner