„სალომე ზურაბიშვილის მთავარი შეცდომაა, რომ, მისი ვარაუდით, ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი ექნება. მას, რეალურად, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ ოპოზიციაში რაიმე სერიოზული გავლენა და წონა ჰქონდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კარგად ხვდება, რომ 2024 წლის შემდეგ პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ ოპოზიციასთან ხედავდეს, სხვა პერსპექტივა აღარ აქვს.
„სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც, მათ შორის, უკავშირდებოდა კონსტიტუციური უფლებამოსილებების არასწორად შეფასებას. რა თქმა უნდა, მან ამით პოლიტიკური ბედი განსაზღვრა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და ყველა ხიდი დაწვა. როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, მიაჩნდა, რომ ეს იყო პერსპექტივა, მაგრამ მან გარკვეული საკითხები ვერ გათვალა, შეცდომა დაუშვა და ეს ხიდები აღდგენადი ვეღარ იქნება. ამიტომ, სადაც თავის თავს ხედავს და მოიაზრებს, შეიძლება, ოპოზიცია იყოს. იმ ფონზე, როცა ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის დიდი ხანი აღარ დარჩა, ეს განაპირობებს, შეეცდება თავისი ეპატაჟური საქციელით თავი დაამახსოვროს საზოგადოებას ან ყურადღება მიიქციოს იმ ფონზე, როცა ისე გადის პერიოდები, რომ მას საზოგადოებისთვის თავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით არ დაუმახსოვრებია, ხელისუფლებასთან კონფრონტაციის გარდა. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და პერსპექტივა არ აქვს. კარგად ხვდება, რომ 2024 წლის შემდეგ პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ ოპოზიციასთან ხედავდეს, სხვა პერსპექტივა აღარ აქვს. თუ გადადგება, სტატუსიც დარჩება და, მისი გათვლით, პერსპექტივაც, მაგრამ ეს მცდარია. ეს იძულება არ მგონია, მისი არჩევანია, რომ კოლაბორაციაში იყოს იმ ძალებთან, რომლისთვისაც დესტრუქციული გეგმები და სცენარები არსებობს. სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სტატუსისთვის იბრძოდა, თუმცა თან იმას ამბობდა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს, სტატუსი მოგვაპოვებინოს და არ ვიმსახურებთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანას სტატუსი არ ეკუთვნის. ზურაბიშვილის მთავარი შეცდომაა, რომ, მისი ვარაუდით, ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი ექნება. მას, რეალურად, არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ ოპოზიციაში რაიმე სერიოზული გავლენა და წონა ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „„გლობალური ომის პარტია“ სააკაშვილში თუ დაინახავს მეტ რესურსს, შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს, ხოლო თუ – სალომეში, მაშინ ციხეში დარჩება, სალომე გადადგება და „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“.