logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში არჩილ ძულიაშვილს შეხვდა
- +

24 იანვარი. 2024. 15:00

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში არჩილ ძულიაშვილს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა.

 

მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

არჩილ ძულიაშვილი იკავებდა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას, რომელიც პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს:  ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

 

სხვადასხვა დროს ის იკავებდა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობას, ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავდა ასევე ტუნისსა და ლიბიას და სირიას. იყო არაბთა ლიგასა და აფრიკის კავშირში საქართველოს წარმომადგენელი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია; მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს კონსული; მუშაობდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების სამმართველოს პირველ მდივნად, სამმართველოს უფროსად, შემდგომ კი - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის სახელმწიფოთა დეპარტამენტის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე, ასევე  - პირველი მდივანი;  2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner