ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ინიციატივით გამართულ „ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც საქართველომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გაიაროს, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე და საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„საქართველო თავისი ქალაქებით უძველესი ქვეყანაა, რთული ისტორიით, შერეული და საინტერესო არქიტექტურით, თანამედროვე მოთხოვნებით და ახალი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს წინაშე იხსნება. ბოლო ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც დავდექით, კონფლიქტმა, რუსულმა აგრესიამ, ენერგო და ეკონომიკურმა კრიზისმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, თავისი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე. ჩვენ შევძელით მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ, უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი იმისათვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ვიყოთ შესაბამისობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ურბანულ განვითარებას შეეხება, იქნება ეს ფინანსები, მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, თუ ეკოლოგიური საკითხები. საპარლამენტო დონეზე მსგავსი საკითხების განხილვისას უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები ქალაქების სწორი განვითარებისთვის, იმგვარად რომ ქალაქები იყოს მაქსიმალურად კომპაქტური, მწვანე, მედეგი და კარგად დაკავშირებული“ , - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ინსტიტუტების და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ურბანული განვითარების საკითხები: დაფინანსება, მნიშვნელოვან ურბანულ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა, კლიმატის ცვლილებასთან ურბანული გარემოს ადაპტაცია და ურბანული მობილურობის საკითხები.