logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი არ დააკლდება!
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:24


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ ლევან კობიაშვილს ახალი არჩევანი და არჩევნები აქვს - 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. რატომ გადაწყვიტა, პრეზიდენტობას დეპუტატობა შეუთავსოს, აქვს თუ არა პარლამენტში მუშაობის უფლება და რომელ სამსახურს დაუთმობს მეტ დროს"? ლევან კობიაშვილს ამ თემებზე აქამდე არ ულაპარაკია. „კვირის პალიტრა" პირველია:


- ბევრი იფიქრეთ, სანამ შეთავაზებას დათანხმდებოდით?   


- დაუფიქრებლად არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება. ყველა ჩემი გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის და მსჯელობის შედეგია და განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც საქართველოს პარლამენტში იმ უბნის ინტერესების დაცვა, რომელთანაც მთელი ახალგაზრდობა გაკავშირებს. ჯერ მე უნდა მქონოდა პასუხები კითხვებზე: თუ ვარ მზად, როგორ იმოქმედებს ეს არჩევანი ჩემს ცხოვრებაზე, ხელს ხომ არ შეუშლის ამჟამინდელ საქმიანობას და ა.შ. მჯერა, რომ არ შევმცდარვარ.


- შეიძლება ითქვას, რომ ლევან კობიაშვილისთვის პოლიტიკა ფეხბურთზე მაღლა დადგა?


- ასეთი მიდგომა არასწორია. სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა სფეროა, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველგან უნდა გქონდეს. მუდამ - მოედანზე გასვლისას თუ შემდგომ საქმიანობაშიც, ვმოქმედებდი იმ შეგნებით, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს წარმოვადგენდი. ასე რომ, პასუხისმგებლობის გრძნობა უცხო არ არის ჩემთვის. მე მუდამ ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ასე იქნება პარლამენტში არჩევის შემთხვევაშიც. დეპუტატს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მათთან, ვინც ენდო, ვისი წარმომადგენელიც არის საკანონმდებლო ორგანოში.


მერწმუნეთ, დეპუტატობა არც შემცვლის და არც ხელს შემიშლის საყვარელი საქმის კეთებაში, პარლამენტის წევრობა ჩემს საფეხბურთო საქმიანობას არ დააზარალებს! ამის მთავარი შეფასება იქნება პროექტები, რომლებსაც მე და ჩემი გუნდი ერთად ვახორციელებთ.


- გადაწყვეტილია, რომ სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე დეპუტატობის შემთხვევაშიც დარჩებით?


- დიახ, და ისევე აქტიურად ვიქნები ჩართული ფედერაციის მუშაობაში, როგორც დღეს. იყო დრო, როცა სფფ-ში ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, ახლა კი გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის ყველა წევრს თვალდახუჭული ვენდობი, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს. პარლამენტში ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ყველანი ძველებური შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ვიმეორებ - ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი არ დააკლდება!


- ფედერაციის ხელმძღვანელი პოლიტიკურად ნეიტრალური არ უნდა იყოს?! ოპონენტები ფიფას ეთიკის კოდექსის დარღვევაში გადანაშაულებენ.

 

- არც სფფ-ის წესდება და არც ფიფას კოდექსი არ უზღუდავს პრეზიდენტს სხვა საქმიანობას, მათ შორის, პოლიტიკურს. შესაბამისად არ დარღვეულა არც წესდება და არც კოდექსი. დავასახელებ არაერთ მაგალითს, როცა პარლამენტის წევრი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტია. ამ საკითხზე კონსულტაციები გავიარე ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებთან, ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსაც ველაპარაკე. ეს თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ არის. მეტიც, წარმატება მისურვეს და მხარდაჭერა აღმითქვეს. ჩემი ოპონენტები იმასაც ამტკიცებენ, არ შეიძლება პარლამენტის წევრად აირჩეს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრიაო.


საარჩევნო კოდექსში არ წე­რია, რომ ბო­ლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა მეცხოვრა საქართველოში. თანაც მანამდე გერმანიაში ვიყავი საკონსულო აღრიცხვაზე. ასე რომ, ორივე მოთხოვნას ვაკმაყოფილებ.


- სპორტსა და პოლიტიკაში სხვადასხვა ფასეულობებია. არ გაგიჭირდებათ?


- ყველა საქმეში ვიყავი და ვარ გუნდურობის მომხრე. ამიტომაც, ჩემი საარჩევნო კამპანიის უმთავრესი მიზანია, პირადად მოსახლეობისგან მოვისმინო მათი სურვილები, რჩევები, პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზები. აუცილებელია, რომ ხალხი, რომელიც ნდობას გიცხადებს, გრძნობდეს, რომ თავადაც არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვა სასარგებლოდ მიმაჩნია. პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. 150 დეპუტატისგან, ყველა იურისტი უნდა იყოს?! ბევრია სპორტთან დაკავშირებული საკითხი, რომლებსაც მეტი აქტიურობა სჭირდება საკანონმდებლო დონეზე. პარლამენტის წევრობა მომცემს შესაძლებლობას, ამ კუთხითაც ვიმუშაო. მოსახლეობასთან შეხვედრისას ვხედავ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ითხოვენ სპორტულ მოედნებს და ადგილებს, სადაც შეუძლიათ, სპორტით დაკავდნენ. ძნელია მოძებნო სხვა ისეთი სფერო, რომელიც ასე აკავშირებს სხვადასხვა ინტერესის და პროფესიის ადამიანებს და ამასთან, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს...


- სიტყვით ეს აქამდეც ვიცოდით...


- ამ სფეროში წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად ვიმუშაო საკანონმდებლო დონეზე სპორტის მეტი მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ხელისუფლება ხედავს ქვეყნისთვის სპორტის მნიშვნელობას, შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება. კენჭს იმ უბანში ვიყრი, სადაც გავიზარდე. ჩემს სახლთან მოედანი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ფეხბურთი არც ამერჩია...


არ მწყინს მათი დამოკიდებულება, ვინც სკეპტიკურად უყურებს ჩემს სურვილს, გავხდე დეპუტატი. თვითონაც ვარ ხოლმე თვითკრიტიკული და სხვის მოსაზრებებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ ხომ ფუნქციონირებს პარლამენტში სპორტის კომიტეტი და რატომ არის გასაკვირი, თუ ყოფილ სპორტსმენებსაც გვინდა, დავეხმაროთ საკუთარ უბანს, ქალაქს, ქვეყანას?! არ მგონია, რომ ბევრი პარტიის წარმომადგენელს ჰქონდეს გატანილი სპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ წინასწარ ლაპარაკს სჯობს, დავიცადოთ და ვნახოთ, ვინ როგორ იმუშავებს.


- მათ, ვინც ჯერ კიდევ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას ამტკიცებდა, ლევან კობიაშვილი ხელისუფლების ფავორიტიაო, მაჟორიტარად თქვენი წარდგენა ამ შეხედულებას უფრო გაუმყარებდა. რას უპასუხებთ?


- ამ ერთი წლის განმავლობაში ასეთი ლაპარაკი სულ ისმის, რადგან კახა კალაძის მეგობარი ვარ. მე კი მიმაჩნია, რომ ის პროექტები, რომელიც განვახორციელეთ, ყველაზე ზუსტად აფასებს ჩემს საქმიანობას. ის სიახლეები, რაც მოკლე პერიოდში განვახორციელეთ ფეხბურთის ფედერაციაში, საინტერესო აღმოჩნდა. მეც მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება შემიძლია და შეთავაზებას დავთანხმდი.


- აქამდეც არანაკლებ სარისკო თანამდებობა გქონდათ, მაგრამ თუ სფფ-ის პრეზიდენტობას პოლიტიკოსობაც დაემატება... არ ფიქრობთ, რომ ორმაგად რისკავთ, დაკარგოთ სიყვარული, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში გრძნობდით ქართველებისგან?


- რისკი ყოველთვის არის. თუმცა, ვიმეორებ - შედეგი, რომელსაც მივაღწევთ ფედერაციაშიც და პარლამენტშიც, იქნება ჩემი სამიანობის მართებულობის ინდიკატორი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხალხიც სწორად შეაფასებს.


- სფფ-ის პრეზიდენტი 3 ოქტომბერს გახდით, 8-ში საპარლამენტო არჩევნებია... ოქტომბერი იღბლიანი თვეა ლევან კობიაშვილისთვის?

 

- ფაქტია, რომ ჯერჯერობით ოქტომბერი კარგად მაქვს დაცდილი (იცინის).


- როგორი იყო ფეხბურთის ფედერაციაში გატარებული თქვენთვის პირველი წელიწადი?


- ისეთი, როგორსაც ველოდი: დატვირთული და საინტერესო. იყო დაძაბულობა და გაურკვევლობაც, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ჩემი ოჯახი, რომელიც აქამდე გერმანიაში ცხოვრობდა, უკვე ჩემთან არის. არ დაგიმალავთ, მჭირდება კიდეც მეუღლის და შვილების თანადგომა... პრეზიდენტად არჩევამდეც ვთქვი, არასდროს ვინანებ, საქართველოში დაბრუნება და არჩევნებში მონაწილეობა რომ გადავწყვიტე-მეთქი. აზრი არც ახლა შემიცვლია და ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უსიამოვნო? მწვრთნელთან დაკავშირებული ამბები, ნაკრების ბოლო მარცხი...


- როგორ შეაფასებთ ავსტრიასთან მატჩს?

 

- შედეგით უკმაყოფილო ვარ. ისევე, როგორც ქომაგი, მეც ველოდი, რომ ქულას მაინც მოვიპოვებდით.


პირველ ტაიმში ავსტრიამ აშკარად გვაჯობა და ჩვენი შეცდომების შედეგად ორი ბურთი გაიტანა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა, ერთი ბურთის გატანაც შევძელით, მაგრამ მაინც დავმარცხდით. გასათვალისწინებელია, რომ მოვისაკლისეთ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, რამდენიმე ფეხბურთელი კი, მოსამზადებელი პერიოდის გაცდენის გამო, სათანადო ფორმაში არ იყო.


- ვლადიმირ ვაისი თქვენი დანიშნულია და თუ წარუმატებლად იმუშავებს, კრიტიკაც ორმაგი იქნება. მით უმეტეს - კახა ცხადაძის გაშვების შემდეგ...


- ნაკრების მწვრთნელის მუშაობა საბოლოო შედეგით შეფასდება. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვაისი კვალიფიციური სპეციალისტია, მუშაობს და უკეთესის იმედს გვაძლევს. „ღირსეული წაგება" არც ყოფილა და არც იქნება ჩვენი მიზანი. ერთი გოლით და ძელს მორტყმული ბურთით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. ბევრი ქულა გვჭირდება, ისე, როგორც არასდროს! ვფიქრობ, თანდათანობით ყველაფერი დალაგდება და შედეგსაც მივიღებთ. რადგან რაც უნდა კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი გყავდეს, მთავარი მაინც შედეგია.


- გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობით კმაყოფილი ხართ?


- გარდამავალი ჰქვია და ამით ყველაფერი ნათქვამია. მთავარია, როგორი იქნება ჩემპიონატი, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება. კმაყოფილი ვარ თასის გათამაშების ფორმატის ცვლილებითაც. რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვედა ლიგის გუნდებს სათასო მატჩების საკუთარ მოედანზე გამართვის უფლება აქვთ.


- ფიქრობთ, რომ ახალი ფორმატი ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლაზეც აისახება?


- არც გვქონია ილუზია, რომ რაკი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ჩემპიონატი და ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლაც რადიკალურად გაუმჯობესდებოდა. მაგრამ წლევანდელმა ევროტურნირებმა დაგვარწმუნა, რომ ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი შესაცვლელი იყო. გაზაფხული-შემოდგომის ჩემპიონატზე თუნდაც იმიტომ უნდა გადავიდეთ, რომ კლუბები მზად შეხვდნენ ევროთასებს!


- და მაინც - ფეხბურთი თუ პოლიტიკა?

 

- ვიმეორებ - საკითხი ასე არ დგას. ყოველთვის ჩემი ქვეყნის საქმეს ვაკეთებდი და ასე იქნება მომავალშიც, პარლამენტშიც და ფედერაციაშიც.


რატი შელეგია



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner