„როდესაც „ხალხის ძალამ“ პირველად დასვა ეს საკითხი, საზოგადოებიდან დაისვა კითხვები, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, სამართლიანობის აღდგენა რატომ არ მოხდა აქამდე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, უკვე არა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, არამედ ის პოლიტიკური პარტიებიც უნდა გასამართლდნენ, რომლებიც არიან ხელშემწყობი იმ დამნაშავე ორგანიზაციების, რომლებიც დაამატეს დანაშაული მიმდინარე 11 წლის განმავლობაში.
„ეს არის მთავარი პასუხი იმ საზოგადოებისადმი, რომელიც გვისვამს კითხვებს. როდესაც „ხალხის ძალამ“ პირველად დასვა ეს საკითხი, საზოგადოებიდან დაისვა კითხვები - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება იყო ჩვენი მოთხოვნა 2012 წლისთვის, ასევე, სამართლიანობის აღდგენა და რატომ არ გააკეთეთ ეს აქამდე? ახლა რატომ იწყებთ და რატომ დაკარგეთ 11 წელი? ამ საზოგადოებას ვპასუხობთ ზუსტად, რომ 11 წელი არ დაგვიკარგავს, 11 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი, საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, საერთაშორისო დასკვნებს ელოდებოდნენ სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“, აგვისტოს ომზე, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ეს იყო გირგვლიანი თუ სხვადასხვა. ამ ყველაფრის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დავაყენოთ ამ პარტიის მიმართ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ დააკისრო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, შენ უნდა გქონდეს ამის ფაქტობრივი მასალები. ეს უნდა ეთქვა სტრასბურგს, ჰააგასა და საერთაშორისო დონეზე უნდა ყოფილიყო აღიარებული. მათ უკვე ეს თქვეს, სწორედ ამის შემდეგ გვაქვს გზა ხსნილი, ყველა ამ მასალაზე დაყრდნობით, მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, გამოძიების დაწყება პროკურატურაში და ა.შ.
აი, ეს არის პასუხი იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც გუშინ, დღეს კითხვას გვისვამს, რატომ დაკარგეთ 11 წელიო? 11 წელი არ დაგვიკარგავს, ჩვენ ვიმუშავეთ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, რომ მოგვეპოვებინა ყველა მასალა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ უკვე არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლებას, რომლებიც არიან ხელშემწყობი იმ დამნაშავე ორგანიზაციების და რომლებმაც დაამატეს დანაშაული მიმდინარე 11 წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არის ის, რომ გინდოდეს საკუთარი ქვეყნის სრული განადგურება. 2008 წლის ომი იქნებოდა ჟურნალი იმისი, რაც შეიძლება ამ ბოლო ორ წელიწადში მომხდარიყო საქართველოში. აქ აღარ იყო საუბარი მხოლოდ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, აქ საუბარი მთლიანად საქართველოს დაკარგვაზე იყო, რომელსაც საუკუნეები დასჭირდებოდა ალბათ, რომ საქართველოს თავისი თავი დაებრუნებინა, თუკი, რაღაც ფორმით მაინც გადარჩებოდა“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.