„ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში. 24 იანვრის პლენარულ სხდომაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრმა, დანიელ რიჩმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა ლიხტენშტაინის პოზიციაზე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით და ევროპის საბჭოს როლზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.
ეკა სეფაშვილმა კითხვა დაუსვა დანიელ რიჩს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ევროპის საბჭომ იმისთვის, რომ გლობალური თუ საშინაო გამოწვევების საპასუხოდ უფრო აქტიური გახადოს ახალგაზრდობა, განსაკუთრებით მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით.
“ძვირფასო, პრემიერ-მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ის საკითხებია, სადაც ევროპის საბჭო თავის განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამავე დროს, ლიხტენშტაინის პრეზიდენტობის დროს ახალგაზრდობის საკითხი პრიორიტეტებს შორის დასახელდა. ეს საკითხი ასევე პრიორიტეტული იყო წინა წლებში სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უნგრეთისთვის, იტალიისთვის, ისლანდიისთვის. რა მექანიზმები ან დამატებითი ქმედებები უნდა განახორციელოს ევროპის საბჭომ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა დააინტერესოს და უფრო აქტიური გახადოს გლობალურ თუ საშინაო გამოწვევების საპასუხოდ და მათთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება მშვიდობას და სტაბილურობას, როგორც თქვენ აღნიშნეთ თქვენს გამოსვლაში”, - აღნიშნა სეფაშვილმა.
მის კითხვაზე პასუხად დანიელ რიჩმა განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ ბევრი კონფლიქტი არსებობს, ზოგი მათგანი ჩვენს კონტინენტზეა. მე ვფიქრობ, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გადაჭრის გზები, რომ მშვიდობას მივაღწიოთ, რაც, ყველამ ვიცით, რომ ძნელია. მე არ მაქვს რაიმე გადაჭრის გზა, როგორც ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრს. მაგრამ მე ვფიქრობ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და უნდა ვეცადოთ, უკეთესს მივაღწიოთ“, - განაცხადა რიჩმა.