"დღეს „ნაცმოძრაობა“ არის 20%-ს ქვემოთ. ყველა სხვა პარტია არის ბარიერს ქვემოთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სწორედ ამიტომ განიხილავენ მმართველი გუნდის ოპონენტები გადაჯგუფების შესაძლებლობას.
„ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი ცალკე აღებულ არცერთ სუბიექტს არ აქვს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც არის 20%-ს ქვემოთ. სწორედ ამიტომ ფიქრობენ გადაჯგუფებაზე და ამას არც მალავენ. პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სჭირდებათ კონსოლიდაცია ბარიერის გადასალახად და ა.შ. ეს არის, რაზეც წვალობენ.
თუმცა აქ, ყველაფერთან ერთად ტექნიკური პრობლემებიცაა. ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემა უკავშირდება იმას, რომ სიებზეც უნდა შეჯერდნენ. მეორე არის ის, რომ სიაში ვინ სად ჩაიწერება ცალკე განსახილველი საკითხია. მაგალითად, თუ „ლელო“ ამოაგდებს საბა ბუაძეს და გრიგოლ გეგელიას და მათ ნაცვლად ჩასვამს ნიკანორ მელიას ან ნიკა გვარამიას, ეს, რა თქმა უნდა,„ლელოში“ შექმნის პრობლემებს. ანალოგიურად, ეს სხვა სუბიექტებსაც შეეხება. ამაზე შეჯერება შეიძლება გაუჭირდეთ. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული რეიტინგი და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ის. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ნაციონალურმა სუბიექტმა გადალახოს ბარიერი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულები, რომ საზოგადოება ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში, რაც მოვახერხეთ წინა შემთხვევაში - ვერც „ევროპული საქართველო“, ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ შეასაღეს ქართულ საზოგადოებას, როგორც „არანაციონალური“ პარტიები და, მე მგონი, ამას ვერც ახლა მოახერხებენ “, - განაცხადა კობახიძემ.