"ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის თემას პოლარიზაციისთვის, თუმცა, ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდათ," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ვარაუდით, ახლა რადიკალური ოპოზიციის წევრებმა შესაძლოა პოლარიზაციის გაღვივებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოიყენება სცადონ.
„მაგრამ, მე მგონია, რომ ეს თემა არის ნაკლებად გამოსადეგი პოლარიზაციის გაღვივებისთვის, მათ შორის ამ თემის ემოციური აღქმა არ არის ისეთი, რომ ოპოზიციას ეს ყველაფერი პოლარიზაციის გასაღვივებლად გამოიყენოს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, [ეს] ავტომატურად დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ პოლარიზაცია დასრულდება ქვეყანაში, მაგრამ არჩევნებს შევხვდებით შედარებით ნაკლებად პოლარიზებული მოცემულობით, ნაკლები რადიკალიზმით, იმიტომ რომ ამის საბაბი დიდწილად გამოეცალა ოპოზიციას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თუმცა, ნახეთ როგორ იქცეოდა გუშინ ოპოზიცია ცესკოში გამართულ შეხვედრაზე. აქედან ჩანს, რომ მათ ექნებათ საბოტაჟის, პროვოკაციის საკუთარი გეგმები, რაც შეიძლება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაიმეორონ სცენარი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს მომზადებულები შევხვდებით“, - განაცხადა კობახიძემ.