"მე ველოდები, რომ ისევ იგივე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ მიიღო 30 მანდატი პარლამენტში, ასეთ ვითარებაში ისინი იმავეს გაიმეორებენ, რითაც საბოლო ჯამში საკუთარი თავი დაიზიანეს. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სცენარი. მე ველოდები, რომ ისევ იგივე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არასდროს ხელს აღარ მოვაწერთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, არასდროს შევალთ ისეთ მოლაპარაკებებში, როგორშიც შევედით 2021 წელს. აქედან გამომდინარე, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ მათ გარედან თუ საიდანღაც, ამ ყველაფრის პერსპექტივა ნული იქნება. ერთ მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა მათ შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს არის განწირული ფიასკოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.