"30 დეკემბრიდან, ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს ოპოზიციის რიგებში არსებულ პანიკაზე მიუთითებს.
„სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია. პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და ა.შ. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლიდან 1 წლის თავზე მოახერხა ის, რაც შეუძლებელი ეგონა აბსოლუტურად ყველას - შეცვალა ავტორიტარული ხელისუფლება ამ ქვეყანაში და დაამკვიდრა აბსოლუტურად სხვა სისტემა. 1 წელიწადში მან მოახერხა ის, რაც ადამიანებს შეუძლებელი ეგონათ.
2018 წელს, გახსოვთ, იყო სირთულეები. არ მინდა დეტალებში შევიდე. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და 2 წელიწადში, 2020 წელს, ეს დასრულდა იმით, რომ „ქართლმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად მოიგო არჩევნები და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩაეშალა გეგმები.
ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემდგომ გაძლიერებას და შემდგომ გამყარებას ნიშნავს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ოპოზიციის პანიკა, რაც მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ 30 დეკემბრიდან ერთი დღე ვერ ჩააგდეს. სინამდვილეში, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ყოველდღე ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეს შიში ყოველდღიურად გამოხატონ. მაგრამ იმდენად არიან ემოციებს აყოლილები, რომ ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ. სრულ პანიკაში არიან“, - განაცხადა კობახიძემ.