"გამომდინარე იმ რეიტინგიდან რომელიც გვაქვს, მოვლენების სტანდარტულად გაგრძელების შემთხვევაშიც არჩევნებთან დაკავშირებით არ გვქონდა არავითარი პრობლემა და რისკი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ოპოზიციის კომენტარების შეფასებისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ საზოგადოების უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს.
„შედეგი იქნება ერთი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დასუსტება და „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერება. წარსული გამოცდილება და ყველა სხვა ფაქტორიც ამაზე მეტყველებს.
რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, მოვლენების სტანდარტულად გაგრძელების შემთხვევაშიც არ გვქონდა არავითარი პრობლემა და რისკი, გამომდინარე იმ რეიტინგიდან რომელიც გვაქვს. 59% დაფიქსირდა უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, 2012 წლის შემდეგ ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ გვქონია.
ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.