„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოში პატრიოტული სულისკვეთებით აღჭურვილი პროპაგანდის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყნებში ამ მხრივ ბევრი ინსტიტუტი მუშაობს, მაშინ, როცა საქართველოში ახალგაზრდებს ქვეყნის ღირსშესანიშნავ ისტორიაზე თანამედროვე კინოშედევრებით ტკბობის საშუალება არ აქვთ.
„არის ერთი უცნაური ქვეყანა, რომელსაც ჩვენსავით ჰყავს ახალგაზრდობა, თავისი ვირტუალური და საკლუბო ღამის ცხოვრებით, ლიბერალური ფასეულობებითა და ასაკობრივი ნიჰილიზმით, მაგრამ ამ უცნაურ ქვეყანას აქვს უცნაური წეს-ჩვეულება: საკუთარ ისტორიასთან, მის ყველაზე ჰეროიკულ თარიღებთან აკავშირებს ფაქიზი კინემატოგრაფიული დამოკიდებულება. და ვირტუალური და საკლუბო ცხოვრებიდან გამოსული ახალგაზრდები - კინოთეატრებში ბღავიან და გულწრფელ ცრემლებს ღვრიან საკუთარი პაპებისა და უფრო შორეული წინაპრების, თუნდაც შელამაზებულ საგმირო წარსულზე.
არის კიდევ ერთი უცნაური ქვეყანა, სადაც პატარა გოგონებსა თუ ბიჭებს ბავშვობიდან დათუნიებისა თუ თოჯინების მაგივრად ნამდვილ ავტომატებთან ერთად დაძინება უწევთ. და თუ რატომ უწევთ - ამ მოტივაციის გაძლიერების მიზნით იმ უცნაურ ქვეყანაში, სადაც ასევე ჩქეფს ვირტუალური და საკლუბო ახალგაზრდული ცხოვრება, ასევე, მუშაობს მძლავრი პროპაგანდისტულ/პატრიოტული მანქანა.
მაგრამ, არის კიდევ ერთი უცნაური ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობაზე ორიენტირებული კი არა, არავისზე ორიენტირებული არც პატრიოტული, არც პროპაგანდისტული (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა), მათ შორის კინემატოგრაფიული მექანიზმი არ მუშაობს. ამ უცნაურ ქვეყანაში, უკანასკნელი პროპაგანდისტული და პატრიოტული კინოშედევრები „ბაში-აჩუკსა“ თუ გიორგი სააკაძეზე იმ საზიზღარი სტალინის, ან, მაგალითად, „სურამის ციხის ლეგენდის“ სახით, უსაზიზღრესი გორბაჩოვის დროსაა გადაღებული.
დღეს, როდესაც წიგნის კითხვა „გოიმობაა“, ამ უცნაურ ქვეყანაში ახალგაზრდობას არ ეძლევა ისტორიული წარსულის ყველაზე ღირსშესანიშნავი ეპოქების (დიდგორი, ოქროს ხანა, პირველი რესპუბლიკა, ქლუხორზე ფაშისტების უკუგდება და უამრავი სხვა) ან გამოჩენილი პიროვნებების ცხოვრების ამსახველი, თანამედროვე შესაძლებლობებით შექმნილი კინოშედევრებით ტკბობის საშუალება.
ამ უცნაურ ქვეყანაში, ახალგაზრდებთან ამ თემების საკუთარი ინტერპრეტირებით გაშუქებაზე მონოპოლია მხოლოდ „ლიბერალურ (ნეო-წითელ) პროფესურას“ გააჩნია. ხოლო უკანასკნელი ყველაზე „პატრიოტული“ ფილმებიდან - ან სააკაშვილის პროდიუსერობით შექმნილი 2008 წლის აგვისტოს ამსახველი გულისამრევი „ჰოლივუდური შედევრი“, ან „ჩცდ“ შეიძლება გავიხსენოთ.
არც ერთი ისტორიულ, პატრიოტულ, თუ გნებავთ - პროპაგანდისტულ თემატიკაზე გადაღებული სერიალი ამ უცნაურ ქვეყანაში არ მახსენდება. და ამიტომ, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ სტატუსის თავში ნახსენები რომელიმე უცნაური ქვეყნის ახალგაზრდობასთან ჩვენი ახალგაზრდების შეტაკებისაგან - ჩვენი „პროფესურით“ გაპატრიოტებულ თაობებს მათთან გადარჩენის ერთი შანსიც არ გააჩნიათ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.