„არჩევნებზე მიღებული შედეგი - ქართველი ხალხის, ამომრჩევლის პოლიტიკური კი, ან არა, წარმოდგენილი ყველა ძალისთვის სამომავლო პოლიტიკური ცხოვრების განაჩენი იქნება. საბოტაჟისა და პროვოკაციის გეგმა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია სახელისუფლებო გუნდი და რომლის შესახებაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ წინსწრებით უკვე ისაუბრა, მხოლოდ პოლიტიკურად არამყარი, საკუთარ შესაძლებლობებში მცირე რწმენის მატარებელი პოლიტიკური ძალისა თუ ძალების არჩევანია“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის თქმით, საქართველოში პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდება და ამ პროცესისადმი ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილი უნდობლობა და სახელმწიფოს აყირავების გეგმა ჩანასახშივე წარუმატებელი იქნება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალ პროფესიულ დონეზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატაროს. ამომრჩევლები საკუთარ ნებას ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირებს.
ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამომრჩევლების ინფორმირებისათვის საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე აწარმოებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად მიდის ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეუძლიათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ვერიფიკაციის აპარატი სრულად გამორიცხავს საარჩევნო უბანზე კონკრეტული პირის ხელმეორედ ან ისეთ უბანზე შესვლას, სადაც ის რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, თითოეული ბიულეტენი უნიკალური და დაცულია, შეუძლებელია ერთი უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენი სხვა უბანზე განთავსებულმა აპარატმა მიიღოს.
ამასთან, საჯაროობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიბეჭდება მასში ჩატვირთული კონკრეტული საარჩევნო უბნის სია, რომელიც იქვე გამოკრულ ე.წ. კედლის სიასთან ერთად გამოიკვრება და ყველა უფლებამოსილ პირს ექნება მისი გადამოწმებისა და შედარების შესაძლებლობა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პროცესის გამარტივების მიზნით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) აპარატების დანერგვისა, კანონმდებლის მიერ კვლავ გათვალისწინებულია მარკირების პროცედურის არსებობა. საყურადღებოა, რომ მარკირება არათუ საარჩევნო უბნებზე, არამედ, სიახლის სახით, გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების შემთხვევაშიც იქნება გამოყენებული.
დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვერიფიკაციის აპარატებიდან, ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის უტყუარი დადასტურების მიზნით, ამოიბეჭდება ე.წ. ქვითარი, რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი დაადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას.
შესაბამისად ელექტრონული ტექნოლოგიები მინიმუმამდე ამცირებს საარჩევნო უბანთან რიგებს, ვინაიდან თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად განთავსდება როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატები. ვერიფიკაციის აპარატი კი საშუალებას იძლევა ამომრჩეველმა რეგისტრაცია ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან გაიაროს, რაც, თავის მხრივ, რიგში ყოფნის დროს ამცირებს.
რაც შეეხება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის წესს საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ემიგრანტები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საარჩევნო კოდექსში რეფორმის ფარგლებში შესული ცვლილებებით, გაიზარდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის/საკონსულოებისთვის მიმართვის ვადა.
და მაინც, არჩევნების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ღიაობას და ხელმისაწვდომობას, არის ე.წ. ქაღალდის კვალის არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და იძლევა შესაძლებლობას, შემოწმდეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპი.
უპირატესობა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას მოჰყვება დიდია – მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები; ადამიანური შეცდომები დაყვანილია მინიმუმამდე; მცირდება ხმის მიცემის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაყოვნების დრო; აპარატი უზრუნველყოფს ხმების ზუსტ დათვლას; ბიულეტენი უნიკალური და დაცულია; ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს საარჩევნო სიაში ამომრჩევლის სწრაფ იდენტიფიცირებას; ხმის მთვლელი აპარატები საშუალებას იძლევა, ოპერატიულად დამუშავდეს მონაცემები, შესაბამისად, უზრუნველყოფილია საზოგადოების დროული ინფორმირება.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
ამ პროცესისადმი ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილი უნდობლობა და სახელმწიფოს აყირავების გეგმა ჩანასახშივე წარუმატებელი იქნება.
ქართულ სახელმწიფოში პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდება.
არჩევნებზე მიღებული შედეგი- ქართველი ხალხის, ამომრჩევლის პოლიტიკური კი ან არა, წარმოდგენილი ყველა ძალისთვის სამომავლო პოლიტიკური ცხოვრების განაჩენი იქნება.
საბოტაჟისა და პროვოკაციის გეგმა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია სახელისუფლებო გუნდი და რომლის შესახებაც ბატონმა ირაკლი კობახიძემ წინსწრებით უკვე ისაუბრა, მხოლოდ პოლიტიკურად არამყარი, საკუთარ შესაძლებლობებში მცირე რწმენის მატარებელი პოლიტიკური ძალისა თუ ძალების არჩევანია.
ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ზუსტად იცის, რომ არჩევნები მათ პოლიტიკოსობანას თამაშის მცირე შესაძლებლობებს უტოვებს და ისინი არჩევნების პარალელურად აუცილებლად აირჩევენ ქუჩის დაუმორჩილებელ პროცესებს.
ამ დროს სახელისუფლებო გუნდი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დანერგილი საარჩევნო პროცესის მოლოდინშია, ქვეყნის რეალური განვითარების გეგმა დიდი ხანია კარგად გათვლილი და შემუშავებულია.
საზოგადოება ქართული სახელმწიფოს გამოწვევების შესახებ "ხალხის ძალის" მიერ უკვე ინფორმირებულია და რჩება არჩევანი რომელსაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩეველი სასურველი და სანდო გუნდისადმი ნდობის მაღალი ხარისხით აუცილებლად გააკეთებს.
მოდით და არჩევნებით კიდევ ერთხელ დავანახოთ საკუთარი უსუსურობა დესტრუქციულ ძალებს! მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.