რატი იონათამიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შედეგებს ეხმაურება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ყველა ობიექტური კვლევა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ლიდერობას ადასტურებს.
„ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო დღესაც არის ლიდერი ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ერთადერთი, ვინც საწინააღმდეგო დასკვნას აკეთებს, არის ადგილობრივი ე.წ. „ენჯეოების“ წარმომადგენლების დასკვნა, რომლებიც საქართველოს ყველაზე დაბალ შედეგს ანიჭებენ. ეს შემთხვევითი ჩანაწერი არ არის, რასაკვირველია. ამ ადამიანების ინტერესი არ არის ევროინტეგრაციის უზრუნველყოფა. პირიქით, ისინი ადრეც ხელს უშლიდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარი ე.წ. ანგარიშებით, რაც სინამდვილეში კონკრეტული დაკვეთები იყო. ახლა ცდილობენ მოლაპარაკების გახსნას შეუშალონ ხელი, მაგრამ ხელმოცარულები დარჩებიან, როგორც მაშინ, ვინაიდან ობიექტურობა არ იკარგება და ჩვენს წინსვლას ისინი ხელს ვერ შეუშლიან. ერთადერთი რაც ხდება, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან იმ პირების მემკვიდრეები, ვინც საბჭოთა კავშირის დროს „დანოსებს“ წერდა მოსკოვში“, - ამბობს იონათამიშვილი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა პირველ, უკრაინა მეორეზე საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით მომზადდა. ქართულმა „ენჯეოებმა“ დასკვნა ზაფხულში მოამზადეს.