"არავის ვედრებით, ჩვენთან გაზომვადია დემოკრატიის ხარისხის, გამჭვირვალეობის, მედიის თავისუფლების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინდიკატორები და ა.შ. ამიტომ რომელიმე ქვეყანას კი არ ვედრებით, ობიექტურ ინდიკატორებს ვიღებთ, რაც უნდა აიღონ ობიექტურმა სტრუქტურებმა და უნდა შეაფასონ," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი შეფასებაშია აღნიშნული, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონში და ქვეყანა წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ ქვეყანას.
„მით უმეტეს, როგორ შეიძლება, ომში მყოფ ქვეყანასთან შედარებები ვაკეთოთ? მოლდოვაზე არაფერს ვამბობ. იმის მოფიქრება, რომ საქართველო ვიღაცას ჩამორჩება, ემსახურება ერთადერთ გეგმას, რომ ოპოზიციას რაღაც ხელჩასაჭიდი ჰქონდეს, რომ თავიანთი პარტიული ტელევიზიების წინ დადგნენ და ქვეყნის საზიანო კამპანია აწარმოონ. მიზანია, ოპოზიციას ანკესი მიეცეს კონკრეტულ თემებზე სალაპარაკოდ, რომ ანკესს წამოეგოს მათი პარტიული ტელევიზია და ეს გააშუქონ ისე, თურმე ქვეყანამ უკან როგორ დაიხია, რაც არის ნონსენსი. ამ შეფასების უკან ის ორგანიზაციები დგანან, რომლებიც, სხვათა შორის, უფრო ნაკლებ ქულას უწერდნენ საქართველოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესში, ვიდრე თავად ევროკავშირის სტრუქტურები. ეს ორგანიზაციები, სადაც ცხოვრობენ და რომლის მოქალაქეებიც არიან, უფრო ნაკლებ ქულას უწერდნენ ქვეყნის პროგრესს, ვიდრე ევროკავშირი. რაც ხდება, არ მახარებს. ეს ორგანიზაციები ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართული და ეს გულდასაწყვეტია, რადგან როგორ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.