„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში რა ხდება, ეკლესიების ნგრევა, დაკეტვა, იქიდან ხალხის დევნა, ძალადობა. თუ გაუვათ სცენარი, მსგავსი რამ წარმოუდგენიათ საქართველოს ეკლესიაზეც, რომ ეკლესია მეხუთე კოლონაა, არის მტრის იარაღი, ამ სურათის დანახვის სურვილი აქვს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ეკლესიას მუდმივად ებრძვის“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საზოგადოების აზრი გადამწყვეტია, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი ეკლესია პრინციპში პოსტკომუნისტურ პერიოდშია და სულ 30 წელია რაც ცდილობს აღიდგინოს ის დანაკარგები, რაც ჯერ რუსეთის იმპერიის ქვეშ ყოფნისას და შემდგომ კომუნისტური დევნისას განიცადა. ამიტომ, გასაგებია, რომ შესაძლებელია რაღაც ხარვეზები იყოს, ვიღაცას შეეშალა, ვიღაცამ ვერ შენიშნა ხატზე გამოსახული კანონიკის დარღვევა, მაგრამ რეაქცია ამაზე უნდა იყოს შევარდნა და ვანდალიზმი, ეკლესიის დარბევა, თუ მსჯელობა? საქართველო თითქოს ყველას უყვარს და პატრიოტია; ძმები კარამაზოვებიდან მახსენდება პასაჟი, სადაც ადამიანი ჰყვება, რომ კაცობრიობა უყვარს და თავიც შეუძლია დადოს კაცობრიობისთვის, მაგრამ კონკრეტული ერთი ადამიანის ატანა არ შეუძლია ყოფით ცხოვრებაში. ეს არის არაქმედითი, აბსტრაქტული სიყვარული და ქმედებაში ეს არ გამოისახება, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იყოს შეცდომა, თუ გადაცდომა, ეს არ არის კომპლექსური, მარადიული და არავის აძლევს ეს უფლებას, რომ შევარდეს ეკლესიაში და იქ მოაწყოს დებოში“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.