„სად არის იმის დასაბუთება, რომ რაიმე გავლენა არის რუსეთისა ეკლესიაში? არის რამე ასეთი კონკრეტული ფაქტები, რომელიც შეუძლიათ წარმოადგინონ?“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
დეკანოზმა ასევე კომენტარი გააკეთა წმინდა მატრონას ხატსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, გარკვეული ადამიანებისთვის შობის დღესასწაულზე „გვერდით თემებზე საუბარი ჩვევად იქცა“.
„როდესაც შობა დღეს ასეთ დესტრუქციას გიწყობენ, ყოველგვარი დიალოგი შეუძლებელია. ეს არის ამაღლებული დღესასწაული, ძალიან დიდი საიდუმლოებებით სავსე დღეა და განსხვავებულია იმისგან, რაც ხდება ამ სამყაროში. აი, ამ დღეს საუბარი რაღაც გვერდით თემებზე მათთვის გახდა ჩვევა, ჩვენთვის კი ეს ძალიან უხერხულია. ეს იყო სპეციალურად შერჩეული დღე და ეს მათ სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე, რომლის მიღებაც მმართველ გუნდში დააანონსეს.
„მათ შეუძლიათ თუნდაც ევროპული გამოცდილება აიღონ, სადაც არსებობს პრივილეგირებული რელიგიები და ზოგადად არსებობს რელიგიური ორგანიზაციის განმარტების ცნება, ამიტომ შესაძლებელია განიმარტოს, რომელი ორგანიზაციას ექნება ეს სტატუსი და ამის შემდეგ დარეგულირდეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ასე ქუცაში სირბილს, ეკლესიებში შევარდნას და ხალხის პოლარიზებას, ეს ჯობია“, - განაცხადა დეკანოზმა.